კორუფცია უკრაინაში

უკრაინის ყოფილ ენერგეტიკის მინისტრს ფულის გათეთრების ბრალდება წარედგინა

ჰერმან ჰალუშჩენკო

უკრაინის ყოფილ ენერგეტიკის მინისტრს, ჰერმან ჰალუშჩენკოს ფულის გათეთრებასა და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისთვის ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ 16 თებერვალს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) განაცხადა.

ყოფილი მაღალჩინოსანი 15 თებერვალს დააკავეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

НАБУ ჰალუშჩენკოს იძიებდა სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკის კომპანია ენერგოატომთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში. ბრალი კიდევ რვა ეჭვმიტანილს აქვს წაყენებული. სავარაუდო ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი ტიმურ მინდიჩი სახელდება.

ჰალუშჩენკო ენერგეტიკის მინისტრის პოსტს 2021–2025 წლებში იკავებდა, ხოლო 2025 წლის ივლისში იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. იგი ნოემბერში, კორუფციული სკანდალის ფონზე, იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იმავე დღეს თანამდებობა დატოვა ენერგეტიკის მინისტრმა სვიტლანა ჰრინჩუკმაც, რომელიც ასევე ფიგურირებს საქმეში.

გამოძიების ფარგლებში НАБУ 15 ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობს.

ბიუროს ინფორმაციით, ანტიკორუფციული უწყებების მიერ ნოემბერში გამოვლენილი კრიმინალური ჯგუფის წევრებმა 2021 წლის თებერვალში ანგილიის კუნძულზე დაარეგისტრირეს ფონდი. ფონდის მიზანი დაახლოებით 100 მილიონი დოლარის “ინვესტიციების” მოზიდვა იყო, “ინვესტორებს” შორის კი ჰალუშჩენკოს ოჯახის წევრები იყვნენ.

ფონდს ხელმძღვანელობდა ჯგუფის მრავალწლიანი პარტნიორი, სეიშელისა და სენტ-კიტსისა და ნევისის მოქალაქე, რომელიც, გამოძიების თანახმად, ფულის გათეთრების სერვისებს უზრუნველყოფდა.

ჰალუშჩენკოს მონაწილეობის დასაფარად, გამოძიების მიხედვით, მარშალის კუნძულებზე შეიქმნა ორი კომპანია, რომლებიც დაკავშირებული იყო სენტ-კიტსისა და ნევისში რეგისტრირებულ ტრასტთან, სადაც ბენეფიციარებად მისი ყოფილი მეუღლე და ოთხი შვილი ფიგურირებდნენ.

НАБУ-ს განცხადებით, აღნიშნული კომპანიები ფონდის “ინვესტორებად” იქცნენ, ხოლო ჯგუფი, ჰალუშჩენკოს ინტერესების სასარგებლოდ, თანხებს სამ შვეიცარიულ ბანკში გახსნილ ანგარიშებზე რიცხავდა.

ბიუროს ცნობით, ჰალუშჩენკოს ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში, მისი ყოფილი მრჩევლის და საქმის ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, იგორ მირონიუკის მეშვეობით, 112 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა.

НАБУ ამტკიცებს, რომ ფონდის ანგარიშებზე, რომლებიც ჰალუშჩენკოს ოჯახის კონტროლქვეშ იყო, 7.4 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა. გარდა ამისა, 1.3 მილიონზე მეტი შვეიცარიული ფრანკი (დაახლოებით 1.6 მილიონი დოლარი) და 2.4 მილიონი ევრო (დაახლოებით 2.8 მილიონი დოლარი) ნაღდი ფულის სახით გაიტანეს და შვეიცარიაში პირდაპირ მის ოჯახს გადაეცა.

გამოძიების მიხედვით, თანხის ნაწილი ჰალუშჩენკოს შვილების შვეიცარიის პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლას მოხმარდა და ყოფილი მეუღლის ანგარიშებზე განთავსდა, ხოლო დარჩენილი თანხა დეპოზიტზე დაიდო და ოჯახისთვის დამატებით შემოსავალს ქმნიდა.

ჰალუშჩენკოს ბრალდებებზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნოემბერში НАБУ-მ ჩაატარა ჩხრეკა ჰალუშჩენკოსთან დაკავშირებულ ობიექტებზე და იგი ენერგოატომის საქმეზე დაკითხა.
 

 

კომენტარები