ზამთრის ოლიმპიური თამაშები

იტალიის მთავრობის ცნობით, ოლიმპიურ თამაშებამდე რკინიგზის საბოტაჟის სამი შემთხვევა აღრიცხეს

REUTERS/Guglielmo Mangiapane

იტალიის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს, 7 თებერვალს სამ სხვადასხვა ადგილას სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საბოტაჟის სამი ცალკეული შემთხვევა აღრიცხეს, რამაც ჩქაროსნული, საქალაქთაშორისო და რეგიონული სარკინიგზო მომსახურება შეაფერხა. 

პოლიციის მიხედვით, 7 თებერვლის დილით ქალაქ პესაროში ლიანდაგის გადამრთველის შენობას ცეცხლი წაეკიდა. ამავდროულად, რამდენიმე საათში გაირკვა, რომ ქალაქ ბოლონიაში მატარებლის სიჩქარის აღრიცხვისთვის საჭირო ელექტრული სადენები დაზიანებული იყო, ახლომდებარე ტერიტორიაზე კი ასაფეთქებელი ხელსაწყო აღმოაჩინეს. 

პოლიციის სპიკერის თქმით, შემთხვევებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. 

შემთხვევის გამო ბოლონიაში ჩქაროსნული მატარებლის სადგურის დროებით დახურვა გახდა საჭირო, თუმცა მოძრაობა გუშინ საღამოთი აღდგა. 

სამინისტრომ შემთხვევას "სერიოზული საბოტაჟი" უწოდა და პარალელი გაავლო 2024 წლის ზაფხულის პარიზის ოლიმპიურ თამაშებთან, რომლის გახსნის ცერემონიამდეც  რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთის ჩქაროსნული მატარებლის სარკინიგზო ქსელზე მომხდარმა საბოტაჟის აქტებმა ქვეყანაში არეულობა და შეფერხებები გამოიწვია.

"ეს უპრეცედენტოდ სერიოზული ქმედებები მსოფლიოს თვალში იტალიის იმიჯს არანაირად არ აზიანებს, იმიჯს, რომელსაც [ოლიმპიური] თამაშები კიდევ უფრო მომხიბვლელსა და დადებითს გახდის". - განაცხადა სამინისტრომ. 

კომენტარები