ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 19 თებერვალს ვაშინგტონში "მშვიდობის საბჭოს" პირველი სამიტის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკულ გამოცემებს აშშ-ს ოფიციალური პირები და მოწვეული ქვეყნების დიპლომატები უყვებიან.
CNN-ის მიერ ნანახი მოსაწვევის მიხედვით, აშშ-მ 19 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიებისთვის მოსაწვევები 6 თებერვალს გააგზავნა. გამოცემის ცნობით, შეხვედრა აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტში უნდა ჩატარდეს.
საბჭო, რომელსაც ტრამპი თავმჯდომარეობს, თავდაპირველად წარმოდგენილი იყო როგორც შეზღუდული ორგანო, რომლის ამოცანაც ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის ზედამხედველობა იქნებოდა. თუმცა ქარტიის პროექტის მიხედვით, მისი მისია მას შემდეგ გაფართოვდა და მთელ მსოფლიოში კონფლიქტების რეგულირების მიზანი მოიცვა.
ღონისძიება, შესახებაც ინფორმაცია პირველად Axios-მა გაავრცელა, ღაზის სექტორის რეკონკსტრუქციისთვის თანხის შეგროვების ცერემონიასაც ითვალისწინებს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ე.წ. "მშვიდობის საბჭოს" წევრად მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა მიიწვია. თუმცა, გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც "მშვიდობის საბჭოს" მუდმივი წევრობა სურთ, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვს.
ტრამპის "მშვიდობის საბჭომ" მსოფლიო ორ ნაწილად გაყო – ვინ მიიწვია აშშ-მ წევრებად?





