გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 6 თებერვალს ამერიკელ მაღალჩინოსნებთან გამართულ მოლაპარაკებებზე ირანმა კვლავ უარი განაცხადა ბირთვული საწვავის გამდიდრების შეწყვეტის მოთხოვნაზე, თუმცა გამოხატა მზადყოფნა საკითხის დიპლომატიურად მოგვარების მიმართ, რითაც შესაძლებელი იქნება აშშ-ს დარტყმის თავიდან არიდება.
ირანის სამთავრობო მედიის მიხედვით, რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ამერიკელ კოლეგებს განუცხადა, რომ თეირანი არ დათანხმდება ბირთვული გამდიდრების შეწყვეტაზე ან პროგრამის საზღვრებს მიღმა გატანაზე, რაც, WSJ-ს ცნობით, აშშ-ს ძირითადი მოთხოვნის უარყოფას წარმოადგენს.
თუმცა, გამოცემის ცნობით, არაღჩიმ აღნიშნა, რომ შეხვედრა კარგი დასაწყისი იყო. ამასთან, არაღჩიმ და ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაამატეს, რომ მხარეები ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან.
საკითხზე ინფორმირებულმა პირებმა WSJ-ს ასევე აცნობეს, რომ აშშ-სა და ირანის დელეგაციები ერთმანეთს პირისპირ არ შეხვედრიან, არამედ ერთმანეთს ომანელი დიპლომატების მეშვეობით ელაპარაკებოდნენ. წყაროების თქმით, თავდაპირველი პოზიცია არცერთ მხარეს არ შეუცვლია.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს მხარეს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი წარმოადგენდნენ. ამერიკის დელეგაციის რიგებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ძალების სარდალი, ადმირალი ბრედ კუპერიც. ირანის დელეგაციას კი არაღჩი ხელმძღვანელობდა.





