აშშ-ირანი

Axios: აშშ-სა და ირანს შორის პარასკევს გასამართი დიპლომატიური შეხვედრა ჩაიშალა

გამოცემა Axios ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-სა და ირანს შორის პარასკევს გასამართი შეხვედრა ჩაიშალა. 

შეხვედრა პარასკევს, სტამბოლში იყო დაგეგმილი, თუმცა 3 თებერვალს ირანმა მოითხოვა, რომ მოლაპარაკებები ომანში გაიმართოს. ამასთან ერთად, ირანს სურს, მოლაპარაკებები ჩატარდეს მხოლოდ ორმხრივ ფორმატში და მხარეებმა მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე ისაუბრონ და არ განიხილონ თეირანის ბალისტიკური რაკეტების საკითხი. 

Axios-ის წყაროების მიხედვით, აშშ-მ ირანს აცნობა, რომ თეირანის მოთხოვნები მიუღებელია.

"ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ან ეს, ან არაფერი. მათ გვიპასუხეს, რომ მაშინ არაფერი. ჩვენ გვსურს, რომ ნამდვილ შეთანხმებას მივაღწიოთ სწრაფად, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა შესაძლებლობებს განვიხილავთ" – ამბობს ანონიმური წყარო გამოცემასთან. 

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები, მათ შორის, ავიამზიდი გაგზავნა. 

კომენტარები