ე.წ. ქურდული სამყარო

შსს-მ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა, მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია

კადრები ვიდეოდან / შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში, თბილისსა და რეგიონებში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია.

შსს-ს განცხადებით, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული და მოდავე მხარეების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა,რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდები, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ე.წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდები, სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე) მეტსახელად "სუხო" და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად "პაატა ტბილისკი". სირაძისვე ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა მეტსახელად "ჯვარსკი" "ქურდულ გარჩევებს" მისი ოჯახის წევრების, დედის და ძმის დახმარებით აწყობდა.

"ფარული საგამოძიებო გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული მხარეების და მოდავე მხარეების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდები, სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე) მეტსახელად "სუხო" და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად "პაატა ტბილისკი" მონაწილეობდნენ, ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთ-ერთ მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

ასევე დგინდება, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა მეტსახელად "ჯვარცსკი" მისი ოჯახის წევრების, დედის და ძმის დახმარებით აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. ქურდულ გადაწყვეტილებები. პოლიციამ ორივე მათგანი, სხვა პირებთან ერთად, დააკავა". - თქვა სირაძემ.

[...] გამოძიება სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვაისწინებს.

კომენტარები