კობახიძის განათლების რეფორმა

სტუ-ს რექტორი: დავიგეგმეთ, რომ კვირის ბოლოს განათლების მინისტრს შევხვდებით

სტუ-ს რექტორი, დავით გურგენიძე

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით განათლების მინისტრის მოადგილესთან, ზვიად გაბისონიასთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. შეხვედრა სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანების საკითხს შეეხებოდა.

"მე მგონი, ამ შეკითხვას აზრი არ აქვს, რაზე ვისაუბრეთ - მთელმა ქვეყანამ იცის, ასევე, ჩვენმა კოლეგებმა უცხოეთში. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. უნივერსიტეტის აკადემიურმა საზოგადოებამ, საბჭომ, დეკანებმა, ინსტიტუტის დირექტორებმა, ლექტორატმა, ადმინისტრაციამ წარმოადგინა თავისი მოსაზრებები, წინადადებები სამინისტროსთან კონცეფციასთან დაკავშირებით - რა შემთხვევაში შეიძლება იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სახელმწიფო უნივერსიტეტების შერწყმა, ასე ვთქვათ, რა არის ამაში დადებითი მხარე, ჩვენს რას ვხედავთ უარყოფით მხარეს, ეს იყო ძალიან პროფესიული საუბარი. იყო ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის შეკითხვები, რა თქმა უნდა, ჩემი შეკითხვები ძალიან ბევრი იყო.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ზვიადი [ზვიად გაბისონია], ქალბატონი მარიამი - უმაღლესი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ყველაფერს ამას სასწრაფოდ მიაწვდიან ბატონ მინისტრს და ჩვენ დავიგეგმეთ, რომ კვირის ბოლოს გვექნება შეხვედრა განათლების მინისტრთან, რის შემდეგაც შევაჯერებთ საბოლოო პოზიციებს, რაზეც აკადემიური საბჭო მიიღებს ან ასეთ, ან ისეთ გადაწყვეტილებას." - თქვა გურგენიძემ.

მისივე თქმით, "დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავისთვის ხელის გადაგრეხა".

"მინდა გითხრათ ერთი რამ, ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩემო საყვარელო ქვეყნის მოსახლეობავ, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენ ბევრ რამეზე, სხვადასხვა ტელევიზია, თუ გინდა თქვენი ტელევიზიები, ბევრ რამეს ხან გვაბრალებენ... ამ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავისთვის ხელის გადაგრეხა, იქნება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია, კანონი..." - ამბობს დავით გურგენიძე.

სტუ-ს რექტორის თქმით, მათ საკითხთან დაკავშირებული პოზიცია ჩამოყალიბებული აქვთ, თუმცა ერთობლივ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტისა და სამინისტროს წინადადებების შეჯერების შემდეგ წარმოადგენენ.


ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ განცხადება ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 29 იანვარს გააკეთა. 

მიქანაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იქნება საწინდარი იმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება "რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს საერთაშორისო რეიტინგებს". 

კომენტარები