ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დროა დაიწყოს ჯანსაღ გარემოში საზოგადოებისათვის მნიშნელოვანი საკითხების განხილვა. დებატების ფორმატზე მან იმედი LIVE-ის ეთერში ისაუბრა.
კობახიძის აზრით, ქვეყანას თავს ხელოვნურად მოახვიეს "ჩაკეტილი სივრცე", რათა გაეღვივებინათ რადიკალიზმი და ადამიანს ტელევიზიაში მისვლის სურვილი აღარ ჰქონოდა. ის თვლის, რომ ქართული ოცნება სუფთად მუშაობს, ამიტომ მზად არიან დებატებისთვის.
"მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები. რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, მედიის გადასაწყვეტია, თუ რა ფორმით წარიმართება დისკუსიები საჯარო სივრცეში. ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებისთვის. მთავარია, რომ გაირღვეს ის ჩაკეტილი სივრცე, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული, რაც პრინციპში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ხელოვნურად მოგვახვიეს თავს. მთავარი მიზანი იყო რადიკალიზაციის გაღვივება საქართველოში, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკურ სისტემაში… რადიკალიზაცია მედიაში. არ უნდა მიესვლებოდეს ადამიანს ტელევიზიაში - ეს იყო საბოლოოდ ის შედეგი, რომელიც დადგა. […]
დღესაც, უცბად, რომ მოუმზადებლად დისკუსია სცადო ვინმესთან პოლიტიკური სივრციდან ამ თემასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, მიიღებ არა დებატებს, არამედ საცირკო სანახაობას, რასაც მიჩვეული ვიყავით გარკვეული წლების მანძილზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი ფორმატები შედგეს, სადაც საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხები განიხილება სრულიად რაციონალურად. არა პოლარიზებულ გარემოში და სიძულვილით გაჯერებულ გარემოში, არამედ სრულიად ჯანსაღ გარემოში. […] ჩვენ ვართ წელში გამართული, ეს არის ჩვენი რწმენა. ყველა საკითხთან დაკავშირებით იმიტომ, რომ სუფთად ვმუშაობთ - ეს არის ჩვენი რწმენა." - თქვა ივანიშვილის პრემიერმა.
კობახიძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ისინი დებატებს გულისხმობენ არა მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის, არამედ საზოგადოებასთანაც, სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან და სპეციალისტებთან. მიაჩნია, რომ პოლიტიკოსების დისკუსია აუცილებელია, თუმცა საზოგადოებასთან საუბარი შესაძლოა უფრო სასარგებლოც აღმოჩნდეს.
"ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს რადიკალური დღის წესრიგი. თან აუცილებელი არ არის ეს დისკუსია მხოლოდ პოლიტიკოსებთან გაიშალოს. ჩვენ მზად ვართ საზოგადოების წარმომადგენლებთან დისკუსიისთვის. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან უფრო მეტად ველოდებით ჯანსაღ დისკუსიას და ამის ობიექტურ ინტერესს. ამიტომ, როცა ფორმატებზეა საუბარი, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის დებატებზე, რა თქმა უნდა დებატების ეს ფორმაც აუცილებელია. არა მარტო მიზანშეწონილია რომ არსებობდეს, არამედ აუცილებელია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკური სუბიექტები უნდა პაექრობდნენ ერთმანეთთან იმისათვის, რომ საზოგადოებას გააგებინონ სიმართლე და გააკეთებინონ ინფორმირებული არჩევანი. მაგრამ ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც. მაგალითად, ამა თუ იმ დარგის ექსპერტებთან ან სპეციალისტებთან, რაც, ბუნებრივია, არანაკლებ ღირებულია, თუ არა უფრო მეტად ღირებული." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილის წარმომადგენლის აზრით, დებატებს შეუძლია გახდეს "ყინულმჭრელი" და დაასრულეს ქვეყანაში პოლარიზაცია. სწორედ ამიტომ, არაუგვიანეს 2 კვირისა, უნდა ჩატარდეს პირველი დებატები.
რა თქმა უნდა, ერთი კონკრეტული ინსტრუმენტი პოლარიზაციას როგორც ასეთი ვერ დაასრულებს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია გარდამტეხი როლის შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში. სიძულვილის ჩაკეტილი წრე შეუძლია რომ გაარღვიოს და ყინულმჭრელი შეიძლება გახდეს ამ თვალსაზრისით, ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ინიციატივას, რომელითაც დღეს გამოვედით და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე უნდა დაიწყოს უკვე ეს პროცესი. არა უგვიანეს 2 კვირისა, რაღაც ფორმატები უნდა არსებობდეს და უკვე უნდა შედგეს პირველი დებატები სხვადასხვა მხარეებს შორის." - თქვა კობახიძემ პროპაგანდისტული იმედის ეთერში.
ცნობისთვის, 22 იანვარს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ "იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს", უნდა მისცენ საშუალება, "საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს". მისივე თქმით, უნდა დააბრუნონ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.





