მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) 19 იანვარს განაცხადა, რომ დავოსში წლევანდელ სამიტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი არ დაესწრება.
"მიუხედავად იმისა, რომ გასულ შემოდგომას ის მოვიწვიეთ, ბოლო კვირების განმავლობაში ირანში მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის ტრაგიკული დანაკარგი ნიშნავს, რომ არ იქნება სწორი, წელს დავოსში ირანის მთავრობა წარმოდგენილი იყოს." - განაცხადა WEF-მა.
მანამდე აშშ-ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციამ "ერთიანად ბირთვული ირანის წინააღმდეგ" განაცხადა, რომ მათი ცნობით, არაღჩი "ჩუმად დაამატეს მომხსენებელთა სიაში."
ხოლო WEF-ის განცხადების გავრცელებამდე აშშ-ს რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა ორგანიზატორები მკვეთრად გააკრიტიკა სამიტზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევისთვის.
"ახლა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სალაპარაკოდ მიწვევა ბროლის ღამის შემდეგ მსოფლიო ღონისძიებაზე ჰიტლერის მიწვევის ტოლფასი იქნება." - თქვა გრემმა.
ცნობისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 19-23 იანვარს გაიმართება, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლა ოთხშაბათს, 21 იანვარს, არის დაგეგმილი.
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო.
გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს.
ამავე ორგანიზაციის ცნობით, საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. HRANA-ს მიხედვით, დასტურდება 3 090 ადამიანის, მათ შორის, 2 885 დემონსტრანტის, დაღუპვა.
პარალალურად, ამერიკულმა ტელემაუწყებელმა, CBS News-მა ირანის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანში ხამენეის რეჟიმის მხრიდან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის შედეგად 12 000-ზე მეტი ადამიანია მოკლული და ეს რიცხვი, შესაძლოა 20 000-საც აღწევდეს.





