აქციები ირანში

საავადმყოფოში ყველა საწოლი დაკავებულია, ხალხი ტერორმა შეიპყრო – ირანიდან გაქცეული ექიმი

თეირანი, 8 იანვარი
Wana News Agency/Reuters

CNN-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუ ირანელ ექიმთან, რომელმაც ირანის რეჟიმის მიერ დემონსტრანტების სასტიკი დარბევის შემდეგ, როგორც საავადმყოფოებში, ისე ქუჩებში ქაოსური სცენები გაიხსენა. ქვეყნიდან გაქცეულმა ექიმმა მოჰყვა, როგორ მკურნალობდა მრავალი დღის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ ათეულობით პაციენტს.

ექიმის თქმით, 8 იანვარს ღამით, როდესაც რეჟიმმა ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა, მდგომარეობა საავადმყოფოში უკონტროლო გახდა. ამის შესახებ მან საინფორმაციო გამოცემა IranWire-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ექსკლუზიურად CNN-ს გაუზიარეს.

"ვნახე ის, რასაც მედიცინაში ‘მასობრივი მსხვერპლის’ სიტუაციას ვუწოდებთ. ეს არის შემთხვევა, როდესაც შენი შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა სამედიცინო დახმარების გასაწევად ნაკლებია, ვიდრე პაციენტების რაოდენობა" - თქვა მან.

ექიმი ჰყვება, რომ მას პაციენტებს შორის არჩევანის გაკეთება უწევდა, იმის მიხედვით, ვის ჰქონდა უფრო დიდი შანსი გადარჩენილიყო მანამდე, სანამ საოპერაციო ოთახი გათავისუფლდებოდა.

8 იანვრის ღამიდან 9 იანვრის დილამდე ექიმის თქმით, ტრავმების ტიპი შეიცვალა. "თითქოს ბრძანება გაიცა: 'ახლა ცოცხალი ტყვიები გამოიყენეთ'," - თქვა მან.

"9 იანვრის ღამეს სროლის ხმები ისმოდა. მე არა კალაშნიკოვის ხმა, არამედ 'დუშკას' [მძიმე ტყვიამფრქვევის] ხმა მესმოდა" - განაგრძო ექიმმა.

ექიმმა თქვა, რომ მეორე დილით საკუთარი სახლის მახლობლად ქუჩაში სისხლის კვალი ნახა. კოლეგებმა უთხრეს, რომ საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც სახეში ახლო მანძილიდან დამიზნებით იყვნენ დაჭრილები.

ქვეყნიდან გაქცეული ექიმი ჰყვება, რომ საავადმყოფოში უსაფრთხოების ძალებიც იმყოფებოდნენ და პაციენტების მონაცემებს აგროვებდნენ.

"პარასკევის საღამოსთვის… ყველა საწოლი დაკავებული იყო. უმეტესობას საფანტის ჭრილობები და მსგავსი დაზიანებები ჰქონდა" - თქვა ექიმმა.

"ცხოვრება პარალიზებულია. არავინ არის კარგად. ის იმედი, რომელსაც ირანიდან საზღვარგარეთ შუქდება, ირანის შიგნით არ არსებობს. ყველა შიშში, უმწეობაში და იმედის მხოლოდ უმცირეს კვალშია ჩარჩენილი" - დაამატა მან.


ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.

გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს. 

ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი და, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც. 

ირანის მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგია, თუმცა ზუსტი გეგმა არ ჩანს – გიორგი სანიკიძის მოსაზრება

ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება. 

კომენტარები