CBS News-ის ინფორმაციით, ირანში ხამენეის რეჟიმის მხრიდან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის შედეგად 12 000-ზე მეტი ადამიანია მოკლული.
ამერიკული ტელემაუწყებელი ირანის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 12 000-ს აღწევს და მათი რაოდენობა შესაძლოა, 20 000-საც შეადგენდეს.
აღნიშნული რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მანამდე აქტივისტური ჯგუფების მიერ გავრცელებულ მონაცემებს, თუმცა ინფორმაციის გადამოწმებას ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის გათიშვა ართულებს.
მანამდე გამოცემა Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა, რომ საპროტესტო აქციების დროს მოკლული ადამიანების რაოდენობა 2 000-ს აღწევდა.
პარალელურად, ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი, X-ზე ირწმუნება, რომ ირანელი ხალხის დახოცვაში მთავარი დამნაშავე პირები აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისარაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუსარიან.
ირანში დემონსტრაციებზე ხალხის მასობრივად დახოცვის შესახებ ცნობების გავრცელების პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 იანვარს ირანელ ხალხს მიმართა.
Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანელ მაღალჩინოსნებთან ყველა შეხვედრა გააუქმა და ირანელ ხალხს უთხრა, რომ "დახმარება გზაშია.
"ირანელო პატრიოტებო - გააგრძელეთ გაპროტესტება, აიღეთ თქვენი ინსტიტუციები!დაიმახსოვრეთ მკვლელების და მოძალადეების სახელები - ისინი დიდ საზღაურს გადაიღდიან. ირანელებთან ყველა შეხვედრას ვაუქმებ იქამდე, სანამ დემონსტრანტების უმოწყალო მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება გზაშია". - წერს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ მედია პლატფორმაზე.
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.
გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს.
ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი და, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც.
ირანის მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგია, თუმცა ზუსტი გეგმა არ ჩანს – გიორგი სანიკიძის მოსაზრება
ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება.





