აქციები ირანში

ირანის საგარეო მინისტრის მტკიცებით, ირანში ვითარება სრულად კონტროლქვეშაა მოქცეული

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი თეირანში გამართულ კონფერენციაზე "საერთაშორისო სამართალი თავდასხმის ქვეშ: აგრესია და თავდაცვა."
Associated Press

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ქვეყანაში მასშტაბური პროტესტების სასტიკი დარბევის შემდეგ თქვა, რომ "მდგომარეობა სრულად კონტროლქვეშაა მოქცეული".

"მოვლენებმა ძალადობრივი და სისხლიანი სახე იმისთვის მიიღო, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩარევის საბაბი მისცემოდა," - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას.

მის სიტყვით გამოსვლას Al Jazeera ავრცელებს, რომელსაც ქვეყანაში ინტერნეტის გათიშვის მიუხედავად მუშაობის უფლება მიეცა.

ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე 15 დღის განმავლობაში, გრძელდება.

გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ამ დრომდე რეჟიმმა, სულ მცირე, 544 ადამიანი მოკლა და 10 681-ზე მეტი დააკავა. ორგანიზაციის მიხედვით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს. 

ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი და, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც. 

ირანის მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგია, თუმცა ზუსტი გეგმა არ ჩანს – გიორგი სანიკიძის მოსაზრება

ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება. 

კომენტარები