ირანი

ირანის მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგია, თუმცა ზუსტი გეგმა არ ჩანს – სანიკიძის მოსაზრება

29 დეკემბერს ირანის დედაქალაქ თეირანში და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები უკვე 15 დღეა გრძელდება. 

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო (HRANA) აცხადებს, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს რეჟიმმა, სულ მცირე, 490 ადამიანი მოკლა და 10 600-ზე მეტი დააკავა.

ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისტორიკოსმა გიორგი სანიკიძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნა პოსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არაერთი ქართული პოსტია ფბ-ზე. ჩემი შეხედულებით, ჩემი ახალგაზრდა კოლეგის, ნიკო ქელბაქიანის პოსტები, ამ მხრივ, ნამდვილად გამოსარჩევია. სხვა პოსტებზე (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს ვიტყვი კარგს... ქვემოთ კი შევეცდები ჩემი მოსაზრებები წარმოვადგინო ირანში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

დასაწყისშივე ხაზს გავუსვამ, ინფორმაციის მოპოვება უკიდურესად რთულია და ვითარებაც სწრაფად იცვლება. ტრადიციულად, ხელისუფლებამ ინტერნეტი პრაქტიკულად გათიშა, რაც მიუთითებს, რომ საკმაოდ დამფრთხალია. ამდენად, მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ შედარებით მწირ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით (მითუმეტეს ფეიკ ნიუსების მოძალებაა - მარტო ფერედნელების მიერ ავიაბაზის აღება და 1614-1617 წლებში კახელების გენოციდის მოთხოვნა რად ღირს...).

პირველ რიგში, რა განასხვავებს ამ საპროტესტო მოძრაობას მის წინამორბედებთან - მთავარი განმასხვავებელია ბაზრის ხალხის ჩართვა მასში. ბაზარი ( ნუ წარმოვიდგენთ, რომ ეს არის რაღაც კოლმეურნეობის ბაზრის მსგავსი - ეს არის უზარმაზარი ტერიტორია მეჩეთებით, მადრასეებით, სოციალური ქსელებით და ა.შ.) ყოველთვის წარმოადგენდა კონსერვატულ, რელიგიურობით გაჟღენთილ ორგანიზმს. შესაბამისად, იყო რეჟიმის მნიშვნელოვანი საყრდენი და გარკვეულწილად „შეზრდილიც“ იყო რეჟიმთან. თუ წარსულს გავიხსენებთ, სწორედ ბაზრის ხალხმა ითამაშა ანგარიშგასაწევი როლი ისლამურ რევოლუციაში, რომლის დროსაც სასულიერო წოდების პრაქტიკულად მთავარი დამფინანსებელი იყო. დღეს კი ბაზრის ხალხი (ამ საპროტსეტო მოძრაობის წამომწყები) ეკონომიკური მოთხოვნებიდან უკვე პოლიტიკურ მოთხოვნებზე გადავიდა (ყველა დიდი ქალაქში არა - მაგ., რამდენიმე დღის წინ თავრიზის ბაზრის მოვაჭრენი მხოლოდ ეკონომიკურ მოთხოვნებს აყენებდნენ, იგივე თეირანისა და ისპაჰანისგან განსხვავებით. შესაძლოა, დღეს ვითარება შეცვლილია). 

რა თქმა უნდა, საპროტესტო მოძრაობა არ შემოიფარგლება ბაზრით. განსაკუთრებით აქტიურები (და რეალურად მოძრაობის წარმმართველბიც) არიან ახალგაზრდები, უპირველესად სტუდენტები (ირანი საკმაოდ ახალგაზრდა ერია).

ისლამური რესპუბლიკა გარკვეულწილად საბჭოთა კავშირს წააგავს. თითქოს ხელისუფლება ცალკე არსებობს და საზოგადოება - ცალკე. ხელისუფლება ითხოვს, რომ საზოგადოებრივი სივრცე სახელმწიფოს სამართლებრივ მოწყობას ექვემდებარებოდეს, ხოლო შინაურ სივრცეში თითქოსდა არ ერევა. თუმცა, ეს „ჩუმი“ კონსენსუსი უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს. ამასთანავე, უპირობოდ შეიძლება ითქვას, რომ ირანში არსებობს განათლებული და სეკულარულად განწყობილი ძლიერი საშუალო კლასი.

აღემატება თუ არა მასშტაბურობით ამჟამინდელი აქციები 2019 წლის და 2022 წლის მოვლენებს? ჯერჯერობით არა, მაგრამ პროცესი აღმავალია და სამწუხაროდ, მსხვერპლის რაოდენობაც იზრდება (სავარაუდოდ, უკვე 100-ს გადააჭარბა). 

მოსახლეობის წინააღმდეგია არსებული რეჟიმისა, მაგრამ ზუსტი სამოქმედო გეგმა ჯერ არ ჩანს

მოთხოვნების შესახებ იმასაც დავამატებ, ისლამური რევოლუციის დროს (რომელიც სულაც არ დაწყებულა, როგორც ისლამური), ერთი ჩემი უცხოელი კოლეგის სიტყვებით „ამბოხებულებმა კარგად იცოდნენ, თუ რა არ უნდოდათ (შაჰის მმართველობა), მაგრამ არ იცოდნენ, რა უნდოდათ.“ დღეს ზუსტად იგივე სიტუაციაა - მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია არსებული რეჟიმისა, მაგრამ ზუსტი და ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით არ ჩანს (არაა გამორიცხული, არსებობდეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით). პოლიტიკური ლოზუნგებს რაც შეეხება, რეალურად უფრო მეტად არის წინწამოწეული რეჟიმის დამხობის მოთხოვნა (ეს უცხო არ იყო წინა გამოსვლების დროსაც) და ბევრად უფრო ხშირად უჭირავთ დემონსტრანტებს ყოფილი შაჰის ვაჟის პორტრეტები მონარქიის აღდგენის მოთხოვნით (ამის შესახებ, ოდნავ ქვემოთ).

რა ძალა აქვს ხელისუფლებას? ისლამური რევოლუციის შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ იზრუნა, რომ შაჰის შეცდომები არ გაემეორებინა. ამის საუკეთესო მაგალითია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შექმნა (არმიის უნდობლობიდან გამომდინარე), რომელიც რეჟიმის მთავარი დასაყრდენი გახდა. ეს კორპუსი ბევრად უკეთ არის შეიარაღებული, ვიდრე ჩვეულებრივი არმია და არ არის მხოლოდ შეიარაღებული ძალა - ეს არის უზარმაზარი ბიზნესი მთელი ქვეყნის მასშტაბით. კორპუსი პრაქტიკულად შეზრდილია რეჟიმთან. კორპუსის დაქვემდებარებაში ე.წ. ბასიჯები - კარგად ორგანიზებული, შეიარაღებული და ფანატიკოსი „ტიტუშკების“ რაზმები. სწორედ ბასიჯები, პოლიციასთან ერთად, არიან ხელისუფლების მთავარი ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხებათ რიგით ჯარისკაცებს (ახალწვეულებს როგორც გუშაგთა კორპუსიდან, ისე არმიიდან, მათ ჯერჯერობით არ იყენებენ - მეტად რეალურია იმის საფრთხე, რომ ისინი მომიტინგეთა მხარეზე გადავიდნენ).

მნიშვნელოვანია ფაქტორია ასევე ირანის სამარცხვინო მარცხი ისრაელთან (აშშ-ის ჩართულობით) 12-დღიან ომში. თუ ომი ერაყთან 1980-1988 წწ. რეჟიმის კონსოლიდაციის და მოსახლეობის მის გარშემო დარაზმვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდა, ამჯერად სრულიად განსხვავებული ვითარებაა. ირანელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაუფარავად მიესალმა ამ ომში მარცხს. ხელისუფლებამ კი „გამარჯვება“ იზეიმა. ვფიქრობ, წინა საპროტესტო მოძრაობებთან შედარებით, ეს მარცხი საპროტესტო მოძრაობის ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს.

საკვანძო პრობლემაა რეალური პოლიტიკური ოპოზიციის არარსებობაა, რაც, რეჟიმის რადიკალური ავტორიტარული ხასიათიდან გამომდინარე, მოულოდნელი არ არის. მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის დაწყება ემოციურმა განწყობამ განაპირობა (აღარაფერს ვიტყვი, უზარმაზარ ინფლაციასა და ფასების შეუკავებელ ზრდაზე - ამის შესახებ უკვე ბევრი დაიწერა). პროტესტის მონაწილეები ნამდვილად რევოლუციურ მოთხოვნებს აყენებენ, მაგრამ რევოლუცია როგორ განხორციელდეს, ვინ უნდა წარმართოს პროცესები, საიდან უნდა წამოვიდეს აუცილებელი დაფინანსება, ჯერჯერობით უცნობია. პრეზიდენტი ფეზეშქიანი, რომელიც ზომიერ რეფორმისტად და ცენტრისტად მიიჩნევა, ხამენეისთან შედარებით უფროი რბილ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ მაინც არ გამოდის უზენაესი ლიდერის ჩრდილიდან. არსებული კონსტიტუციური ჩარჩოების პირობებში მას ისედაც არ აქვს დიდი გასაქანი - სულიერ ლიდერს და სასულიერო ისტებლიშმენტს ძალოვანი სტრუქტურები მთლიანად ემოჩილება. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ ხელისუფლების არჩევით ორგანოებს (პარლამენტს, პრეზიდენტს, ადგილებზე არჩევით სტრუქტურებს) ხელში აეღოთ ძალაუფლება, მომხდარიყო კონსტიტუციური ცვლილებები და დასრულებულიყო ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა (რომელშიც პრეზიდენტი და პარლამენტი პრაქტიკულად დეკორაციულ ფუნქციებს ასრულებენ). მაგრამ ამგვარი „გადატრიალების“ განხორციელებაც, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მეტად სათუოდ მიმაჩნია.

როგორც ზემოთ ითქვა, ქვეყნის შიგნით პრაქტიკულად არ ჩანან რეალური ოპოზიციური ლიდერები. ერთდროს ოპოზიციის ლიდერი და პრეზდენტობის ყოფილი კანდიდატი მუსავი საკმაოდ ხანდაზმულია და უკვე დიდი ხანია შინაპატიმრობაში. თუმცა, არ გამოვრიცხავ ლიდერების გამოჩენას (რამდენიმე პოტენციური კანდიდატის დასახელებაც შეიძლება, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ).

სწორედ ამ ვითარებაში ასპარეზზე გამოჩნდა და ქვეყნის გარედან უკიდურესად გააქტიურდა ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლავი. ის თითქმის 50 წელია შტატებში ცხოვრობს, საკმაოდ პოპულარულია ირანულ დიასპორაში, მაგრამ არ სარგებლობს უპირობო მხარდაჭერით დიასპორის პოლიტიკურ წრეებში. იყო მცდელობა საზღვარგარეთ ოპოზიციური ერთობის შექმნისა, მაგრამ ის სწრაფად დაიშალა, ვინაიდან დიასპორის პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა რეზა ფაჰლავის ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილებებში დადეს ბრალი. იმავდროულად, ის უფრო ცნობილი იყო როგორც უფლებადამცველი, ვიდრე პოლიტიკოსი. რეზა ფაჰლავის პორტრეტები პერიოდულად ადრეც ჩნდებოდა საპროტესტო მიტინგებზე, მაგრამ ამჟამად გაცილებით მეტია და ასევე გაცილებით ხშირად ჩანს შაჰისდროინდელი ირანის დროშებიც. არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დემოსტრანტთა განწყობის გამოხატულებაა, გარკვეული „ბიძგი“, ამ თვალსაზრისით, გარედანაც უნდა იყოს.

რამდენად რეალურია მონარქიის აღდგენა (კონსტიტუციური მონარქიის ამ შემთხვევაში)? ირანელთა დიდი უმრავლესობა ისლამურ რესპუბლიკაშია დაბადებული და გაზრდილი, შესაბამისად, მათ მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ მონარქიის შესახებ (თუ არ ჩავთვლით რომანტიზებულ, 2500-წლოვანი მონარქიის იდეას). ჩემი აზრით, მათთვის ბევრად უფრო ადვილი აღსაქმელია საპრეზიდენტო ან საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნა და, რაც მთავარია, სასულიერო წოდების ხელისუფლებიდან ჩამოშორება. თუმცა, არის გარკვეული ნიშნები, რომ უცხოეთიდან რეზა ფაჰლავის მხარდაჭერა აქვს. რამდენად ძლიერი იქნება ეს მხარდაჭერა და რამდენად გადამწყვეტ გავლენას იქონიებს ირანელთა განწყობებზე, რთული სათქმელია.

რა თქმა უნდა, უნდა შევეხო ამერიკის როლს და ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებს. დღეს ირანის მიმდებარე ტერიტორიებზე ამერიკის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი. იქნება დარტყმები და თუ იქნება, რა სახის და რა მასშტაბის? პირველი ორი სავარაუდო ვარიანტი შეზღუდულ ხასიათს ატარებს და უფრო სიმბოლური ხასიათისაა. ეს შეიძლება იყოს საჰაერო დარტყმები გარკვეულ ობიექტებზე (ვთქვათ რამდენიმე სამთავრობო შენობაზე) ან მეორე შემთხვევაში ირანის აღმოსავლეთში ჯერ კიდევ არსებულ ბირთვულ ობიექტებზე. ორივე შემთხვევაში ეს დარტყმა იქნება ხელისუფლებისთვის, მაგრამ მისი ჩამოშლისთვის - არასაკმარისი. მესამე, ყველაზე რთული ვარიანტია უფრო მასშტაბური სამხედრო ჩარევა, რომელიც უნდა დასრულდეს რეჟიმის განადგურებით. მაგრამ რამდენად რეალურია ამგვარი ოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი, სასურველი შედეგების მიღწევა? ლიბიაში, ერაყში, სულ ახლახანს სირიაში, უცხოური ჩარევის შედეგად მოხდა ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ ამ სამივე შემთხვევაში ქვეყნების შიგნით არსებობდა გარე ძალების მოკავშირე პოლიტიკური და შეიარაღებული ოპოზიცია, რასაც ირანი დღეს მოისაკლისებს. იგივე ვენესუელის მაგალითი რომ ავიღოთ, სულაც არ გახდა ტრამპისთვის საჭირო ახალი ლიდერების მოძიება მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ. ჯერჯერობით ბუნდოვანია, შესაძლებელია თუ არა ამგვარი ოპერაციის განხორციელება ირანში, თუმცა არა გამოვრიცხავ (დარწმუნებულიც ვარ), რომ აშშ-საც და ისარელსაც ირანში საკმაოდ მძლავრი ჯაშუშური ქსელი აქვთ და პოლიტიკური ელიტების წარმომადგენებთანაც აქვთ ფარული კონტაქტები.

ორიოდე სიტყვა რუსეთის შესახებაც - ირანი და რუსეთი დღემდე საზეიმოდ აცხადებენ, რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამგვარი შეთახნხმება 2003 წელს დაიდო და მას შემდეგ ორჯერ თუ სამჯერ განმეორებით საზეიმოდ მოაწერეს ხელი. რუსეთი აწვდის გარკვეული სახის შეიარაღებას ირანს. სულ რამდენიმე დღის წინ საქართველო გადაუფრინეს ირანისკენ გეზის მქონე სატრანსპორტო თვითმფრინავებმა - არა მგონია, წიწიბურათი ყოფილიყო დატვირთული ეს თვითმფრინავები. მაგრამ დღეს რუსეთს ნამდვილად არ აქვს ძალა, რომ ქმედითი სამხედრო დახმარება გაუწიოს ირანს. სამხედრო ოპერაციის განხორცილების შემთხვევაში, რუსეთის პოზიცია ძალიან მარტივი იქნება - დაგმობს ამერიკის მოქმედებებს, მაგრამ ყოველგვარი სამხედრო ჩარევისგან თავს შეიკავებს. მთავარი, რაც დღეს რუსეთსა და ირანს აერთიანებს, სანქციების მძიმე ტვირთია ორივე ქვეყანაზე და გარიყულობა საერთაშორისო სამართლებრივის სისტემიდან (ნუ, დავუშვათ რომ ჯერ კიდევ არსებობს...). ამგვარად არიან ისინი „მარტონი ერთად“. თუმცა, არაერთი შემთხვევა ყოფილა ამ საუკუნეში, როდესაც ირანის ხელისუფლებას უკმაყოფილება გამოუთქვამს „სტრატეგიული პარტნიორის“ მოქმედებების გამო (აღარ ჩამოვთვლი ამ შემთხვევებს). ირანული საზოგადოება კი ნამდვილად გამოირჩევა ანტირუსული განწყობებით...

დაბოლოს, მთავარი კითხვა - რით დასრულდება მიმდინარე კრიზისი ირანში? დღეისათვის მეტად მარტივი პასუხი მაქვს - არ ვიცი! თუმცა, ვიყოთ ოპტიმისტები!" – წერს სანიკიძე. 

კომენტარები