ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის დასრულება 31 მარტამდე გადაიდო

ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა, ამჯერად განსაზღვრული თარიღი 31 მარტია. 

ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ ბადა ქონსტრაქშენს შორის გაფორმებული შეთანხმება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 2025 წლის 30 დეკემბერს აიტვირთა. 

ვადის გადაწევას 2026 წლის 30 მაისამდე ითხოვდნენ, თუმცა სატრანსპორტო კომპანია 5 თვის მაგივრად, 3 თვით გადავადებას დათანხმდა.

დოკუმენტის მიხედვით, შპს ბადა ქონსთრაქშენს 2025 წლის 5 სექტემბრიდან მეტროსადგურის ზედა ვესტიბიულში სამუშაოები შეჩერებული აქვს იმიტომ, რომ არ დამთავრებულა რკინა-ბეტონის გადახურვის კონსტრუქციის კვლევა-პროექტირება. კომპანიის თქმით, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც რეაბილიტაციის დასრულება შეთანხმებულ ვადაში ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 11 აგვისტოს, ივანიშვილის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა, რომ რეაბილიტაციის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდებოდა. 

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. მეტრო 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა, თუმცა, რამდენიმე თვეში, 2018 წლის 30 იანვარს ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

მერიამ ვარკეთილის რეკონსტრუქცია-რემონტისთვის ტენდერი 2022 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია მამისონთან მერიამ ხელშეკრულება გაფორმებიდან 6 თვეში გაწყვიტა.

"მეორე ხელშეკრულება მერიამ უკვე უტენდეროდ, გამარტივებული წესით გაუფორმა შპს ბადა ქონსთრაქშენს. ხელშეკრულების ღირებულება დაახლოებით 13.4 მილიონი ლარია, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი ქართული ოცნების დამფინანსებელია". - ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში. 

GMC-ის ინფორმაციით, 2022 წლამდე ბადა ქონსთრაქშენს სახელმწიფო ორგანოსთან მაქსიმუმ 2 245-ლარიანი ხელშეკრულება ჰქონია გაფორმებული. 

ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართული ოცნების შემომწირველმა კომპანია ბადა ქონსტრაქშენმა 2023 წლის 9 თებერვალს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 18 თვეში უნდა დაესრულებინა. კახა კალაძე 2024 წლის თებერვალში ამბობდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდებოდა.

2025 წლის აპრილში თბილისის მერმა თქვა, რომ ახალი ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან გააფორმეს.

კომენტარები