ვარკეთილის მეტრო

ვარკეთილის მეტრო რამდენიმე დღეში გაიხსნება, რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება - კალაძე

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ვარკეთილის მეტრო "რამდენიმე დღეში" გაიხსნება. მისი თქმითვე, სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

"სამუშაოებს იმ დროს არ ვაწარმოებთ, როცა მეტრო მგზავრებს მოემსახურება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს მეტროსადგურის ერთი საათით ადრე დახურვა და ერთი საათით გვიან გახსნა, რათა სამუშაო პროცესი გახანგრძლივდეს და რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.

რაც შეეხება დროებით ტრანსპორტს, რომელიც ამ პერიოდში გამოვყავით, გვესმის, რომ მეტროსადგური დაკეტილია და მის ფუნქციებს ვერანაირი ავტობუსი და მიკროავტობუსი ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ ერთ ადამიანზე ერთი ავტობუსი ან ერთი მიკროავტობუსი ვერ გამოიყოფა. რისი საშუალებაც იყო, რომ დივერსიფიცირება მომხდარიყო, ეს გავაკეთეთ. თუ საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატება, ჩვენი შესაბამისი სამსახურები გაივლიან აღნიშნულ საკითხს და მოხდება დამატება, თუმცა, რამდენიმე დღეში მეტროც გაიხსნება. დისკომფორტი იყო, რისთვისაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი. სხვანაირად ამ ტიპის და მასშტაბის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია" - ამბობს კალაძე.

თბილისის მერის თქმითვე, ვარკეთილის მეტროს სრული რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება. მისი მტკიცებით, სამუშაოები ამდენი წლის განმავლობაში იმიტომ გაგრძელდა, რომ არ მოიძებნა საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებდა.

"სამშენებლო კომპანიები ბევრია, ვისაც მსგავსი სამუშაოების შესრულება შეუძლია. აქ მთავარია პროექტი, დაექსპერტიზება. სწორედ ამიტომ გართულდა და გაგრძელდა ეს პროექტი ამდენ ხანს, რომ არსებული გვირაბის მთლიანი სკანირება მოხდა უცხოელი სპეციალისტებისა და სამხარულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. გამოიკვეთა, რომ თაღს აქვს პრობლემები. მოგვიწია მეტროს დროებით გაჩერება, რომ არსებული თაღი შესაბამისი ხსნარებით გამაგრდეს და დაჭირხვნა განხორციელდეს“, - თქვა კახა კალაძემ.

ვარკეთილის მეტრო 12 ივლისს 45 დღით დაიკეტა.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. მეტრო 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა, თუმცა, რამდენიმე თვეში, 2018 წლის 30 იანვარს ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

მერიამ ვარკეთილის რეკონსტრუქცია-რემონტისთვის ტენდერი 2022 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია მამისონთან მერიამ ხელშეკრულება გაფორმებიდან 6 თვეში გაწყვიტა.

"მეორე ხელშეკრულება მერიამ უკვე უტენდეროდ, გამარტივებული წესით გაუფორმა შპს ბადა ქონსთრაქშენს. ხელშეკრულების ღირებულება დაახლოებით 13.4 მილიონი ლარია, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი ქართული ოცნების დამფინანსებელია". - ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში. 

GMC-ის ინფორმაციით, 2022 წლამდე ბადა ქონსთრაქშენს სახელმწიფო ორგანოსთან მაქსიმუმ 2 245-ლარიანი ხელშეკრულება ჰქონია გაფორმებული. 

ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართული ოცნების შემომწირველმა კომპანია ბადა ქონსტრაქშენმა 2023 წლის 9 თებერვალს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 18 თვეში უნდა დაესრულებინა. კახა კალაძე 2024 წლის თებერვალში ამბობდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდებოდა.

2025 წლის აპრილში თბილისის მერმა თქვა, რომ ახალი ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან გააფორმეს.

კომენტარები