თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად სექტემბერში დასრულდება. კალაძის განცხადებით, ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან გაფორმდა.
"პროცესის გაჭიანურების მთავარ მიზეზს წარმოადგენს მიწისქვეშა ტრანსპორტის სფეროში როგორც ადგილობრივი საპროექტო და სამშენებლო, ისე საექსპერტო კომპანიების არასაკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია [...] მეტროსადგურ ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად, ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან, PRObuild expert-თან გავაფორმეთ [...] სამუშაოები მთლიანად შემოდგომაზე, სექტემბერში დასრულდება". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. განახლებული სადგური 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა. რამდენიმე თვეში, 2018 წლის 30 იანვარს ვარკეთილის მეტროს ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მერიამ ვარკეთილის რეკონსტრუქცია-რემონტისთვის ტენდერი 2022 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია მამისონთან მერიამ ხელშეკრულება გაფორმებიდან 6 თვეში გაწყვიტა.
"მეორე ხელშეკრულება მერიამ უკვე უტენდეროდ, გამარტივებული წესით გაუფორმა შპს ბადა ქონსთრაქშენს. ხელშეკრულების ღირებულება დაახლოებით 13.4 მილიონი ლარია, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი ქართული ოცნების დამფინანსებელია". - ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.
GMC-ის ინფორმაციით, 2022 წლამდე ბადა ქონსთრაქშენს სახელმწიფო ორგანოსთან მაქსიმუმ 2 245-ლარიანი ხელშეკრულება ჰქონია გაფორმებული.
ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართული ოცნების შემომწირველმა კომპანია ბადა ქონსტრაქშენმა 2023 წლის 9 თებერვალს დაიწყო.





