აშშ-რუსეთი

WSJ: რუსეთმა ხომალდები გაგზავნა იმ გემის ესკორტირებისთვის, რომელსაც აშშ მისდევს

გემი ბელა 1  

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა წყალქვეშა ნავები და სხვა საზღვაო საშუალებები გაგზავნა, რათა ესკორტირება გაუწიონ ტანკერს, რომელსაც აშშ უკვე რამდენიმე კვირაა მისდევს. გემი დაკავშირებულია რუსეთთან, ირანთან და ვენესუელასთან, ასევე სანქცირებული ნავთობით ვაჭრობასთან.

WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა აშშ-ს სთხოვა, შეეჩერებინათ ხომალდის დევნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სიტუაციას თვალს შეშფოთებით ადევნებდნენ. 

ორ კვირაზე მეტია, რაც ტანკერი Bella 1, რომელიც სავარაუდოდ ცარიელია, რადგან ვენესუელაში ნავთობით დატვირთვა ვერ შეძლო, აშშ-ს ბლოკადას თავს არიდებს. აშშ-მ გასულ კვირებში ვენესუელას სანქცირებული ნავთობის შეტანაზე ბლოკადა დაუწესა. გემი ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის, რომელსაც რუსული, ირანული და ვენესუელის სანქცირებული ნავთობი გადააქვს. 

21 დეკემბერს აშშ-ს სანაპირო გვარდიამ ხომალდის დაკავება კარიბის ზღვაში სცადა, თუმცა გემმა კურსი იცვალა. Bella 1-მა საკუთარი მოგზაურობა ირანიდან დაიწყო. ამჟამად, სავარაუდოდ, ის რუსეთისკენ მიცურავს. გასულ დღეს ის დიდი ბრიტანეთის სანაპიროს მახლობლად შენიშნეს. როგორც მედიაში წერენ, აშშ-მ შესაძლოა ბრიტანეთის ტერიტორიიდან ხომალდის დაკავების ოპერაცია ჩაატაროს. 

CBS: აშშ ვენესუელური ნავთობით მოვაჭრე რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავებას აპირებს

Bella 1 გაიანას დროშის ქვეშ დაცურავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ხომალდმა კურსი იცვალა, გემი რუსეთში გადარეგისტრირდა და სახელი შეიცვალა. ხომალდს ფორმალურად ახლა Marinera ჰქვია. ეკიპაჟის წევრებმა გემზე რუსული დროშა დახატეს. 

თეთრ სახლში გასულ დღეებში ამბობდნენ, რომ როდესაც აშშ-მ ხომალდის დევნა დაიწყო, ის ცრუ დროშის ქვეშ დაცურავდა. Bella 1 აშშ-ს მიერ ირანული ნავთობის გადატანისთვის იყო სანქცირებული. საერთაშორისო საზღვაოსნო ორგანიზაციის მონაცემებითაც დგინდება, რომ Bella 1 2024 წლის ნოემბრისა და 2025 წლის დეკემბრის შუალედში ცრუ დროშით ცურავდა. ხომალდის დაცვა ევალება იმ ქვეყანას, რომლის დროშიც ქვეშაც ის დაცურავს.

კომენტარები