ტრამპის საგარეო პოლიტიკა

CBS: აშშ ვენესუელური ნავთობით მოვაჭრე რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავებას აპირებს

ტანკერი Marinera
Department of Homeland Security, via Reuters

ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით CBS News წერს, რომ აშშ აპირებს, დააკავოს სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი, რომელსაც ამერიკული ძალები ჯერ კიდევ დეკემბერში აედევნნენ.

აშშ-მ ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობტანკერების დაკავება წინა თვეში დაიწყო. ვენესუელის მმართველ რეჟიმზე წნეხის ზრდის ფარგლებში ამერიკულმა ძალებმა 10 და 20 დეკემბერს ორი ტანკერი დააკავეს, ხოლო ნედლი ნავთობის ტანკერ Marinera-ს, რომელსაც მანამდე Bella 1 ერქვა, მას შემდეგ მისდევენ. 

ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ვენესუელელმა მაღალჩინოსნებმა ტანკერებზე შეიარაღებული პირების განთავსების ვარიანტიც განიხილეს. წყაროების ცნობით, აღნიშნული დისკუსიები აშშ-ს მიერ მადუროსა და მისი ცოლის დაკავებამდე გაიმართა.

CBS-ის ინფორმაციით, რუსეთის საზღვაო რეესტრის სიაში წერია, რომ ტანკერი Marinera-ს რეგისტრაცია სოჭის პორტში მოხდა. ხოლო გამოცემა New York Times აქამდე წერდა, რომ რუსეთის მთავრობამ აშშ-ს ოფიციალურად სთხოვა, შეწყვიტოს ხომალდის დაკავების ყველანაირი მცდელობა. 

ამასთანავე, CBS ამატებს, რომ 2024 წელს, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნული ხომალდი ირანული ნავთობის ვაჭრობაში ჩართულობის გამო დაასანქცირა, თუმცა, ახლა გემი რუსული დროშის ქვეშ დაცურავს. 

კომენტარები