აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ბათუმელებთან ინტერვიუში ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებასა და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შესახებ საუბრობს.
მეარაყიშვილის თქმით, მას ჯაშუშობას ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო ედავებოდნენ, სადაც ადგილობრივი მობილური კავშირის ანძა ჩანდა. ასევე დასძენს, რომ ბრალდება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს და "უშიშროების ხელმძღვანელად" ირაკლი ხვადაგიანი დაუსახელეს.
მეარაყიშვილმა გაიხსენა, როგორი რეაქცია ჰქონდა ციხის უფროსს, როდესაც გამოცხადებულ შიმშილობაზე გაიგო.
"მეორე დილით მითხრეს გამოდი ჩაიზეო, მე უარი ვუთხარი, ვშიმშილობ-მეთქი და რატოო? მე ხომ გამოვაცხადე-მეთქი, რომ ხვალიდან შიმშილობას ვიწყებ, გაგლოევს შეეშინდა ჩემი შიმშილობის დაწყების, მე სიტყვას ვასრულებ-მეთქი. გავაგრძელე შიმშილობა, ოღონდ ცოტა წყალს ვიღებდი.
მშრალზე გადავედი, ციხის უფროსი შემოვიდა ჩემთან თავისი ამალით და ძალიან უხეშად, ყვირილით მითხრა, რატომ არ ჭამ, რატომ არ სვამ, რა გინდა, რას აღწევ ამითი? ხმა არ გავეცი, რა გინდა შეჭამოო? და გაგლოევის გახსნილი კონსერვი მოიტანე-მეთქი და შევჭამ იმიტომ, რომ გახსნა საკონსერვო ქარხანა და არ მუშაობს, ფული მოტეხეს და ქარხანა არ არსებობს, მერე მითხრა მოკვდი ერთით ნაკლები ქართველი იქნებაო. მე ვუთხარი, რომ უარს ვაცხადებ აღარც მედიკამენტს მივიღებ, აღარც წყალს. იქ, სადაც მე ვარ, იმ დაწესებულების უფროსი თუ მეუბნება მოკვდი ერთით ნაკლები ქართველი იქნება, შეიძლება თქვენ მე მომკლათ-მეთქი." - თქვა მეარაყიშვილმა.
თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართულ მხარეს გადასცეს, "ყველაფერი დაკარგა და აქაც ჰაერშია" გამოკიდებული.
"ჯერ კიდევ არ მიმიდევნებია თვალი, მეგობარმა მითხრა, ჩვენი დიდი ძალისხმევით მოხდა თამარის გათავისუფლებაო. რა არის ეს ძალისხმევა? მე რომ ყველაფერი დავკარგე და აქაც ჰაერში ვარ გამოკიდებული? მე იქ არავინ მკლავდა, ციხეშიც ჩვეულებრივი პირობები იყო, სითბო, ტელევიზორი, საჭმელი.
ჩემი რაიონის ტერიტორიაზე მაინც ვიყავი და მართლა არ მოვიკლავდი თავს, რაღაც ეტაპზე შევწყვეტდი ან ისინი შეწყვეტდნენ. მე იქიდან მინდოდა ბრძოლა. ამათ გამომიყვანეს და მორჩა, დამთავრდა პრობლემა. არანაირი ძალისხმევა არ სჭირდებოდა ჩემს იქიდან გამოყვანას, გაგლოევი ელოდებოდა როდის მოვშორდებოდი მე იქიდან."
ცნობისთვის, 23 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ "საქართველოსთვის ჯაშუშობის" ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. მეარაყიშვილი 31 დეკემბერს გაათავისუფლეს.





