ტრამვაის ხაზი

ტრამვაის პროექტს აღმაშენებლის ხეივნის შუა ნაწილში ვფიქრობთ - კალაძე

დავით აღმაშენებლის ძეგლი, მარშალ გელოვანის გამზირი
Anna Popova / panoramio.com

ივანიშვილის მერის, კახა კალაძის თქმით, დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება აღმაშენებლის ხეივნის შუა ნაწილში იგეგმება. კალაძე ამბობს, რომ ამ მონაკვეთში ტრამვაისთან ერთად, სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ივლის.

"ტრამვაი იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გადაადგილება, დიდი დიღმიდან შესვლა და გამოსვლა გავაადვილოთ. პროექტის განხორციელებას აღმაშენებლის ხეივნის შუა ნაწილში ვფიქრობთ, სადაც ტრამვაისთან ერთად, სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ავტობუსები და მიკროავტობუსებიც გადაადგილდებიან. ეს ხეივანზე გადატვირთულ მოძრაობას შეამსუბუქებს". - თქვა კალაძემ ივანიშვილის თბილისის საკრებულოს სხდომაზე.

ასევე დღევანდელ სხდომაზე, ვიცემერმა გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ტრამვაის ხაზის სამშენებლო სამუშაოებზე გადასვლის  შესაძლებლობა 2026 წლის ბოლოს ექნებათ.

ცნობისთვის, თბილისში ტრამვაის მშენებლობა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო. 20 აგვისტოს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ "საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე".

შეგახსენებთ, 2023 წელს გამოქვეყნებული, თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა მოამზადა, დიდი დიღმის ქალაქის ცენტრთან დაკავშირების ერთ-ერთ გზად ტრამვაის ხაზის გაყვანა განიხილებოდა. 

კომენტარები