გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს არ აქვს გადაწყვეტილი, გადაიხდის თუ არა ე.წ საბოტაჟის საქმეზე შეფარდებულ 30 000-ლარიან გირაოს.
"მარტო ჩემი ამბავი არ არის ეს ამბავი, ჩემმა ქმედებამ მათ შორის შეიძლება განაპირობოს, სხვა პოლიტიკოსებს რისი გაკეთება მოუწევთ მერე, ამიტომ რაღაცები საფიქრალი მაქვს" - ამბობს ჯაფარიძე.
ე.წ საბოტაჟის საქმეზე გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს ზურა ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მან თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ასევე, ჯაფარიძეს პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთა - ჩამოართვეს როგორც პასპორტი, ისე პირადობის მოწმობა. მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ამ გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ზურა ჯაფარიძეს ბრალდება 8 ნოემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარუდგინეს. ეს გულისხმობს საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ახალი ბრალის წარდგენის დროს სასჯელს სხვა საქმეზე იხდიდა - მას თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 7 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ზურა ჯაფარიძემ საპატიმრო 19 დეკემბერს დატოვა.





