ე.წ საბოტაჟის საქმეზე გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს ზურა ჯაფარიძეს 30 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა. მან თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ასევე, ჯაფარიძეს პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთა - ჩამოართვეს როგორც პასპორტი, ისე პირადობის მოწმობა. მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ამ გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
პროკურორის მტკიცებით, "არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" და ზურა ჯაფარიძე "არ არის კანონმორჩილი ადამიანი".
"მისი ყველა ქმედება, გამოსვლა ერთად რომ შევაჯამოთ, გვაძლევს იმის საფრთხეს, რომ ახალი დანაშაული ჩაიდინოს. მიმალვის საფრთხე იმიტომაა რეალური, რომ სასჯელი ძალიან მკაცრია, მძიმე დანაშაულია, მაგრამ მხოლოდ სასჯელის გამო არა, ზურაბ ჯაფარიძე, როგორც პიროვნება, არც მალავს, რომ მას აქვს კონტაქტები და კავშირები ქვეყნის გარეთ. მაგრამ როცა უცხო ქვეყნის დახმარებაში ხარ ბრალდებული, ეს საგულისყუროა.
როდესაც საუბრობს მის კონტაქტებზე, საბუთების მიწოდებაზე და ა.შ, უამრავი საზღვრის კვეთაც უფიქსირდება და ამიტომაა საფრთხე რეალური [...]
[...] საზღვარგარეთ წასვლა როცა მოუნდება, ეგ სულ აკრძალვას კი არ ნიშნავს, პროკურატურას მიმართოს და თუ მისი პოზიცია იქნება დამაჯერებელი, ის შეძლებს წასვლას" - თქვა ლაშა გობეჯიშვილმა.
ადვოკატ ირაკლი ჩომახიშვილის შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეში ისეთი ძველი მტკიცებულებებია წარმოდგენილი, რომელიც წარდგენილ მუხლს არ პასუხობს.
"საბოტაჟს სჭირდება მიზანი, პროტესტი არ არის საბოტაჟი, აქ არის ქმედება, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა მიმართულიო... მე რომ ევროპულ სასამართლოში საქმე მოვიგო, რომელიც საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული, უნდა დამიჭიროთ?
მტრულ საქმიანობაში დახმარებაში რა იგულისხმება? ამერიკა? ევროპა? ინგლისი? რუსეთი აღარაა ჩვენი მტერი?
არცერთი სხვა ბრალდებულის მიმართ არ ყოფილა პასპორტის და პირადობის ჩამორთმევის შუამდგომლობა და დღეს რატომ გახდა ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ამ მოთხოვნის გამოყენების აუცილებლობა? წინა პროცესზეც იყო საზღვრის კვეთის საფრთხე, და იგი რამდენჯერმე წავიდა და ჩამოვიდა სხვა ქვეყნიდან, ეს არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლების, არამედ პოლიტიკური საქმიამობის აკრძალვაც იქნება, და ყველასთვის ცხადია მისი საზღვარგარეთ ვიზიტების მიზანი." - აღნიშნავს ადვოკატი.
ზურა ჯაფარიძეს ბრალდება 8 ნოემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარუდგინეს. ეს გულისხმობს საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ახალი ბრალის წარდგენის დროს სასჯელს სხვა საქმეზე იხდიდა - მას თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 7 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ზურა ჯაფარიძემ საპატიმრო 19 დეკემბერს დატოვა.





