რუსეთი-ესტონეთი

სამმა რუსმა მესაზღვრემ დროებით ესტონეთის საზღვარი დაარღვია

ესტონეთის ტერიტორიაზე გადასული 3 რუსი მესაზღვრე

ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 დეკემბერს სამი რუსი მესაზღვრე დროებით ესტონეთის ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე შევიდა, რის შემდეგაც ესტონეთის სასაზღვრო პოლიციამ პატრულირება გააძლიერა.

გავრცელებული განცხადებით, სასაზღვრო უსაფრთხოების თანამშრომლებმა დაინახეს, თუ როგორ გადაკვეთა რუსი მესაზღვრეების ჯგუფმა საკონტროლო ხაზი ნარვის მდინარესთან.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ ტარომ თქვა, რომ ჯერჯერობით უცნობია, მოხდა თუ არა საზღვრის დარღვევა განზრახ, თუმცა დაამატა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე არ შექმნია.

ესტონური მხარის ცნობით, სამივე რუსი მესაზღვრე რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დაბრუნდა.

ტალინმა ასევე განაცხადა, რომ მომხდარის განსახილველად ესტონეთისა და რუსეთის მხარეებს შორის 18 დეკემბერს შეხვედრა იგეგმება, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო რუს დიპლომატებს ინციდენტის განმარტების მოთხოვნით ოფიციალურად დაიბარებს.

კომენტარები