კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ესტონეთის მიერ გამოთქმული მზადყოფნა, საკუთარ ტერიტორიაზე F-35A ტიპის ბირთვული იარაღის გადამტანი გამანადგურებლები განათავსოს, რუსეთისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენს.
"რა თქმა უნდა ეს პირდაპირი საფრთხე იქნებოდა". - აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა გამოცემა Postimees-თან საუბარში განაცხადა, რომ ესტონეთი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ბირთვული შესაძლებლობების მქონე თვითმფრინავები მიიღოს.
"თუ რომელიმე მათგანს, მიუხედავად წარმოშობის ქვეყნისა, აქვს ორმაგი დანიშნულების შესაძლებლობა და შეუძლია ბირთვული იარაღის გადატანა, ეს არ ცვლის ჩვენს პოზიციას F-35-ების მასპინძლობის შესახებ". - განაცხადა პევკურმა.
მისი თქმით, ესტონეთი მზად არის "მოკავშირეების მისაღებად".
პესკოვის თქმით, პევკურის განცხადება "კიდევ ერთია იმ "აბსურდულ აზრებს" შორის, რომლებსაც ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკოსები ხშირად გამოთქვამენ.
"ბალტიისპირეთის რესპუბლიკებთან პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს, რადგან მათთან ურთიერთობების გაუარესება თითქმის შეუძლებელია". - აღნიშნა პესკოვმა.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება, მინიმუმ 12 F-35A ტიპის თვითმფრინავის შეძენასთან დაკავშირებით, რომლებსაც ბირთვული ქობინების ტარება შეუძლიათ და რომლებიც NATO-ს საჰაერო ბირთვულ მისიას შეუერთდებიან.





