რუსეთ-თურქეთი

Bloomberg: ერდოღანს რუსეთისგან შესყიდული S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების უკან დაბრუნება სურს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი
AP

Bloomberg-ის გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს თურქმენეთში შეხვედრისას უთხრა, რომ თურქეთს სურს რუსეთისგან შეძენილი S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკან დაბრუნება.

აღნიშნული საკითხი თურქეთსა და აშშ-ს შორის თავდაცვის ურთიერთობის განვითარებაში სერიოზულ დაბროკლებას წარმოადგენდა. რუსული სისტემების უკან დაბრუნება კი თურქეთს აშშ-სგან F-35-ის ტიპის გამანადგურებლების შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

21 აგვისტოს, აშშ-მ F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პროგრამაში თურქეთის ხელახლა ჩართვაზე კვლავ უარი თქვა. ამის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წერილში იყო საუბარი.

კონგრესის 40-მა წევრმა სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს გაუგზავნა წერილი, სადაც წერია, რომ თურქეთი აგრძელებს აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონების დარღვევას. 

"ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი უკმაყოფილება ანკარას მიერ S-400-ის სისტემების მოპოვებასთან დაკავშირებით და ცალსახად დავასახელეთ ის ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას ჩვენ მიერ CAATSA-ს (სანქციების აქტით აშშ-ს მოწინააღმდეგეების შეზღუდვა) სანქციების იმპლემენტაციის შეფასებისას" – ამბო 

ცნობისთვის, თურქეთი F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პროგრამიდან გამოთიშვას უსამართლოდ მიიჩნევს და დიდი ხანია ან პროგრამაში ხელახლა გაწევრიანებას, ან მასში ჩადებული საკუთარი წილი ინვესტიციის - $1.3 მილიარდის - კომპენსაციას მოითხოვს. ამასთან, თურქი მაღალჩინოსნები აშშ-სთან საუბრებში CAATSA სანქციების მოხსნაზეც მართავდნენ მოლაპარაკებებს. 

CAATSA (Countering America’s Adversaries Through Sanctions Act) ამერიკული კანონია, რომელიც მიღებულ იქნა 2017 წელს და მიზნად ისახავს იმ ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებიც თანამშრომლობენ აშშ-ს მოწინააღმდეგე ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან.

თურქეთს CAATSA სანქციები იმ დროს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის დეკემბერში დაუწესა მას შემდეგ, რაც ანკარამ რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემა შეიძინა. 

ამავე მიზეზით გაირიცხა თურქეთი აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი F-35 Joint Strike Fighter პროგრამიდან 2019 წელს. F-35 Joint Strike Fighter მეხუთე თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავია. თურქეთი, აშშ-ს სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, პროგრამაში 1999 წლიდან იღებდა მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში თურქეთი აღნიშნული ტიპის ავიაგამანადგურებლის 950-ზე მეტ კომპონენტს ამზადებდა, რის შემდეგაც მათ შეისყიდდა. 

თურქეთის მიერ რუსული S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების შემდეგ აშშ-მ და NATO-მ განაცხადეს, რომ S-400 შეუთავსებელი იყო NATO-ს სისტემებთან და ქმნიდა უსაფრთხოების რისკს, რუსეთთან F-35-ის ტექნოლოგიური მონაცემები გაზიარებულიყო. 

კომენტარები