ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 16 დეკემბრით დათარიღებულ გაფართოების დოკუმენტში ოცნების ხელისუფლებას აკრიტიკებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭოს დასკვნების ტექსტის პროექტმა განხილვისას 27-დან 26 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა მიიღო და ერთი წევრის წინააღმდეგის გამო დოკუმენტი თავმჯდომარეობის დასკვნების სახელით გამოქვეყნდა.
"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, ვიდრე ხელისუფლება კურსის შეცვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ მტკიცე ერთგულებას არ გამოავლენს" - ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში თავმჯდომარეობა ოცნების ხელისუფლების მიერ რეპრესიული კანონების მიღებასა და სასამართლო სისტემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას უსვამს ხაზს. ასევე, დასკვნებში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული პროტესტის მონაწილეები და ჟურნალისტები თვითნებურად დააკავა. ამასთან, თავმჯდომარეობა ოცნების ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივ დევნას გმობს.
აგრეთვე, თავმჯდომარეობა გმობს ოცნების ხელისუფლების მიერ ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების მიმართ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას.
"საბჭო ევროკავშირთან ხელახალი თანამშრომლობის გზაზე პირველი ნაბიჯებისთვის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებთან შესაბამისობაში და შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და დელეგაციის ხელმძღვანელის მიმართ" - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, საბჭო ოცნების ხელისუფლების მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობასაც აღნიშნავს და ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებასა და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს.





