უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს დონბასის დათმობასა და რუსულად აღიარებას. ამასთან, ზელენსკი აშშ-სთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხსაც შეეხო.
"ჩვენ არ გვინდა ჩვენი დონბასის დათმობა. ამერიკელებს კომპრომისის პოვნა სურთ. ისინი თავისუფალი ეკონომიკური ზონის წინადადებით გამოდიან. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო - თავისუფალი ეკონომიკური ზონა არ ნიშნავს რუსული კონტროლის ქვეშ ყოფნას. ეს მნიშვნელოვანი მახასიათებელია დონბასზე ნებისმიერ ფორმატში." - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის აღიარებას არ აპირებს.
"არც დე იურე და არც დე ფაქტო ჩვენ რუსულად არ ვაღიარებთ დონბასს, იმ ნაწილს, რომელიც დროებითაა ოკუპირებული. ამის მიუხედავად, ჩვენ ტერიტორიის საკითხს განვიხილავთ. როგორც იცით, ეს ერთ-ერთ მთავარი საკითხია და ჩვენ ჯერჯერობით ამაზე კონსენსუსი არ გვაქვს." - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით ვაშინგტონსა და კიევს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას აშშ-ში გაგრძელდება.
"დღეს და ხვალ ჩვენ დოკუმენტებზე მუშაობას დავასრულებთ. შემდეგ აშშ კონსულტაციებს გამართავს მომდევნო დღეებში, ამის შემდეგ კონსულტაციები იქნება აშშ-ს პრეზიდენტთან და შემდეგ ჩვენი ჯგუფები მალე აშშ-ში ერთმანეთს შეხვდებიან. ვფიქრობ, ეს ამ შაბათ-კვირასაც შეიძლება მოხდეს." - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 14-15 დეკემბერს ბერლინში სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-ს, უკრაინისა და ევროპის ჩართულობით. მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა "კონსტრუქციულად და პროდუქტიულად" დაახასიათა და დაამატა, რომ მხარეებმა "რეალურ პროგრესს" მიაღწიეს.





