უკრაინული სამხედრო-ანალიტიკური პროექტი DeepState წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული ოპერაციის შედეგად კუპიანსკის ნაწილი გაათავისუფლეს.
პროექტის მიერ გავრცელებული რუკის მიხედვით ჩანს, რომ უკრაინელებმა ქალაქში დარჩენილი მეტოქე ალყაში მოაქციეს.
DeepState იუწყება, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეტაკებების შედეგად რუს ჯარისკაცებს პოზიციების დათმობა და უკან დახევა მოუწიათ.
სამხერდო-ანალიტიკური პროექტი აღნიშნავს, რომ ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან ქალაქის სხვადასხვა ნაწილში რუს სამხედროებს პოზიციები კვლავ გამაგრებული აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კუპიანსკიდან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.
"დღეს ფრონტზე შედეგების მიღწევა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა უკრაინამ დიპლომატიაში შედეგებს მიაღწიოს" - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე მებრძოლი სამხედროები მოინახულა და მათ მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, გასულ თვეში რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ ქალაქი კუპიანსკი და სხვა დასახლებები სრულიად დაიკავა. ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბმა უარყო.





