ოკლაჰომაში ნაფიც მსაჯულთა ფედერალურმა სასამართლომ მოძრაობა Black Lives Matter-ის ადგილობრივ ლიდერს ბრალი დასდო საგრანტო ფონდიდან მილიონობით დოლარის პირადი მიზნებისთვის, მათ შორის, მოგზაურობაზე, სასურსათო პროდუქტებსა და უძრავ ქონებაზე გამოყენებაში.
სასამართლოს ჩანაწერების თანახმად, 52 წლის ტაშელა დიკერსონს მიმდინარე თვის დასაწყისში ბრალი წაუყენეს საბანკო თაღლითობის 20 და ფულის გათეთრების 5 შემთხვევაზე.
ბრალდების მიხედვით, დიკერსონი, Black Lives Matter-ის ოკლაჰომის ოფისის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა, ორგანიზაცია კი Alliance for Global Justice-თან თანამშრომლობით, საქველმოქმედო შემოწირულობებს იღებდა.
როგორც საბრალდებო დასკვნაშია აღნიშნული, Black Lives Matter-ის ოკლაჰომის ოფისმა 2020 წლიდან დღემდე შემოწირულობების სახით 5.6 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა და ეს თანხები ძირითადად იმ ადამიანების გირაოს დასაფარად უნდა გამოყენებულიყო, რომლებიც 2020 წელს პოლიციის ოფიცრის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
გირაოს თანხების ორგანიზაციისთვის დაბრუნდების შემდეგ კი დიკერსონმა, სულ მცირე, 3.15 მილიონი დოლარი საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დიკერსონს 20 წლამდე პატიმრობა და თითოეული საბანკო თაღლითობის შემთხვევისთვის 250 000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება, ფულის გათეთრებისთვის კი 10 წლამდე პატიმრობა და ფინანსური ჯარიმები თითოეული შემთხვევისთვის.





