თამარ ჩერგოლეიშვილი ბაია პატარაიას წინააღმდეგ

პატარაიას ბრალდებების უმრავლესობის უარყოფა და ჩერგოლეიშვილისთვის 1 ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ფედერალისტების ლიდერის სარჩელი საფარის აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ – თამარ ჩერგოლეიშვილი ბაია პატარაიას ცილისწამებისთვის უჩიოდა.მოსამართლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ბაია პატარაიას ყველა ბრალდების უარყოფა დაევალა გარდა ერთისა, რომლის მიხედვითაც, “ ბევრი ირწმუნება, რომ ბოკერიამ ბიძინასგან ფული აიღო". ამას ფედერალისტების ლიდერი გაასაჩივრებს. ასევე, პატარაიამ ჩერგოლეიშვილს სიმბოლური 𝟙 ლარი უნდა გადაუხადოს.

"მოვიგეთ ფეოლა! 1 ლარი დაეკისრა მოქალაქე ბაბუცას. "გიგაზე ამბობენ, რომ ფული აიღო ბიძინასგან" ნაწილი არ დამიკმაყოფილა მხოლოდ, რადგან სხვებს ეყრდნობოდა და მაგას გავასაჩივრებ - ბოლომდე!

[პატარაიამ] უნდა უარყოს, რომ გიორგი რამიშვილს ვარეკეტებდი (სილქნეტი). უნდა უარყოს, რომ სახელმწიფო ქონებით ბოროტად ვსარგებლობდი (ვერტმფრენი). უნდა უარყოს, რომ სამინისტროებს ვაიძულებდი დიდი რაოდენობით ტაბულას შესყიდვას. უნდა უარყოს, რომ ბლოგერებს მიშას კრიტიკის გამო ვყრიდი" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ფედერალისტების ლიდერის ადვოკატის შეფასებით, ნაწილობრივი დაკმაყოფილება მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ სასამართლო ერთდროულად ცდილობს ფორმალურად კანონს დაეყრდნოს და პარალელურად, პოლიტიკური ბალანსი შეინარჩუნოს. 

"რეჟიმის მიერ მიტაცებული სასამართლოს პირობებშიც კი შევძელით სიმართლის დადგენა, წარდგენილი მტკიცებულებებით აშკარად და მკაფიოდ დასტურდებოდა ცილისწამების ფაქტი. მოსამართლემ მხოლოდ ერთ ნაწილში (“ბოკერიამ ბიძინასგან ფული აიღო”) არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, რადგან თითქოს პატარაია სხვებს ეყრდნობოდა [...]

[...] ბაია პატარიას არცერთ ნაწილში არ წარმოუდგენია რაიმე სახის წყარო მტკიცებულების სახით, რასაც მან ეს ფაქტად გაჟღერებული განცხადებები დააყრდნო. ამიტომაც, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მივალთ ევროსასამართლომდე, მაგ ერთ მცირე კომპონენტსაც არ დავთმობთ" - წერს ლიკა გახარია.

საჩივრის შეტანამდე, თამარ ჩერგოლეიშვილი ბაია პატარაიასგან ითხოვდა ცილისწამების საჯაროდ აღიარებას და ბოდიშს შემდეგ ბრალდებებზე:

  • "მიშას კრიტიკის გამო ტაბულადან ბლოგერებს ყრიდნენ”
  • “იძულების წესით სილქნეტს შეტენილი ჰქონდა მისი ჟურნალების დარიგება/გაყიდვა”
  • “მომხმარებელი, რომელსაც არ უნდოდა ტაბულა და უნდოდა სილკტივი, ვერ აცალკევებდა ამ ორს” 
  • “სამინისტროები ვალდებულები იყვნენ, ეყიდათ ტაბულას დიდი რაოდენობით ჟურნალი, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინტერესი”
  • “კეზერას, ანუ თავდაცვის სამინისტროს ვერტალოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს” 
  • “ასევე ბევრი ირწმუნებს, რომ ბიძინასგან აღებული ფულის გამო დაშალა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობა პირველად. ოღონდ, იდეურ განხეთქილებად გაასაღა ეს თავისსავე პარტიაში”.

ბაია პატარაიამ ფედერალისტების ლიდერზე FB-პოსტი 10 იანვარს დაწერა. მისი მტკიცებით, "ჩერგოლეიშვილი იყო სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახე. ვერასდროს გაირეცხება და ოდანავადაც არ ჯობია არცერთ ოპოზიციურ პარტიას წესიერებით".

"ახალგაზრდებს შეიძლება, არც ახსოვთ, რა შეზრდილი იყო მაშინდელი “ტაბულა” ნაცებთან. მიშას კრიტიკის გამო ბლოგერებს ყრიდნენ. იძულების წესით სილქნეტს შეტენილი ჰქონდა მისი ჟურნალის დარიგება-გაყიდვა; მომხმარებელი, რომლესაც არ უნდოდა ტაბულა და უნდოდა სილქტვ, ვერ აცალკევებდა ამ ორს; რაც მაშინვე გაუქმდა, როცა მიშამ არჩევნები წააგო. ასევე, სამინისტროები ვალდებული იყვნენ ეყიდათ ძალიან დიდი რაოდენობის ტაბულას ჟურნალი, მიუხედავად იმისა, რომ მათ თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინტერესი. აი, ასე ასაღებდა და უკანალში ტენიდა ყველას ამ თავის ჟურნალს უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლი!

კიდევ უარესი, კეზერას ანუ თავდაცვის სამინისტროს ვერტალიოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს და იმდენად უგონოა, თავის პირით ტრაბახობდა და ყვებოდა ამას ჩემთანაც და ძალიან ბევრთანაც მერე, როცა ჯერ ნაჩხუბარი არ იყო კეზერასთან.

ასევე ბევრი ირწმუნებს, რომ ბიძინასგან აღებული ფულის გამო დაშალა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობა პირველად. ოღონდ, იდეურ განხეთქილებად გაასაღა ეს თავისსავე პარტიაში, საიდანაც ერთი ადამიანიც კი აღარ დარჩა წამლად. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევა ეს ოჯახი დღემდე და როგორ ეხმარებიან ირიბად ბიძინას, მე ეგ ამბავიც სარწმუნო მგონია. ეს თუ ასე არ არის, მაშინ მისივე საყვარელ ტერმინს გამოვიყენებ და უბრალოდ “სასარგებლო იდიოტია”.

მეორეჯერ კი იმიტომ დაეშალათ პარტია, რომ საშინელი ავტორიტარები არიან ორივე და არავისთან შეუძლიათ ძალაუფლების გაყოფა. ჩერგო საერთოდ სრული აუტანლობა აქვს ალტერნატიული აზრის. მოკლედ, ჩერგო ვერავის ჩარეცხავს საკუთარი თავის გარდა!

პ.ს. ვიცი, რომ ასეთი პოსტებიც კი უხარია, იმდენად უნდა გააქტუალურება, მაგრამ ერთხელ უნდა შემეხსენებინა ყველასთვის, რომ არ დაგვვიწყებია მისი კორუფციული წარსული" - წერდა პატარაია.

კომენტარები