საქართველოს ენერგეტიკა

ილია II: მთის ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს

პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს პატრიარქი ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დამონტაჟების საკითხს ეხმაურება. ილია მეორეს თქმით, მთის ოჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს.

"გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება და, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მოტივი აღნიშნული ქმედებისა, მაგრამ იგივე მიზანს ემსახურება ტურიზმის განვითარებაც, რაც სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადა. უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იზიდავთ; მთის ოჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. არადა, დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს",- ნათქვამია ილია მეორეს განცხადებაში.

ილია მეორემ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრსაც უპასუხა. კახა კალაძის თქმით, დესტრუქციული ძალები ვითარებას ძაბავენ. საქართველოს პატრიარქის განცხადების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ პროცესები მართულია ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იმისათვის რომ გამოსავალი მოიძებნოს.

"რაც შეეხება, არსებულ დაძაბულობას, ამბობენ, რომ პროცესები მართულია. ასეც რომ იყოს, მაინც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, ოღონდ, სადაც არის შესაძლებელი, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებასა და მის რეალიზაციაში და მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში არათუ დარჩენის, ქალაქებიდან დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ეს განწყობა, ეს მიღწევა არ უნდა გაუფერულდეს",-წერია საქართველოს პატრიარქის განცხადებაში.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ელექტროგადამცემი ხაზების დამონტაჟება რამდენჯერმე გააპროტესტა. მათივე თქმით, ხაზების გაყვანა მათ ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის.

კომენტარები