ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის, პროცესზე წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ხაბეიშვილის ადგილას თვითონაც განაწყენებული იქნებოდა ოპოზიციაზე.
"მეც გავაკრიტიკებდი ხაბეიშვილის ადგილზე ოპოზიციას იმიტომ, რომ ხაბეიშვილი წავიდა, რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, წავიდა რისკზე, ამაში გაყვნენ მას ოპოზიციის სხვა ლიდერები და მერე მიატოვეს შუა გზაზე, ხაბეიშვილის ადგილას მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, თუმცა მადლობა ღმერთს, ასეთი ამხანაგები მე არ მყავს."- თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს, ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ პროცესზე ოპოზიციას მიმართა და აღნიშნა, რომ ვითარება ყოველ დღე მძიმდება და მოქმედებაა საჭირო.
"ყოველი დღე ჩვენი სამშობლოსთვის გადამწყვეტია. სამი თვის წინ გარეთ გასვლა და პროტესტი შეგეძლოთ, ფეისბუქზე დაპოსტვა შეგეძლოთ და დღეს, ეს არ შეიძლება. ახლა ტროტუარზე რომ დადგე, ხუთი დღით ადრე უნდა მიმართო უწყებას. ეს არ არის თამაში! მალე სახლში მოგივარდებიან. 300-მდე პოლიტპატიმარია სამშობლოს სიყვარულისთვის.
როგორ გძინავთ ღამე? აა, ღამე სახლში უნდა წახვიდეთ და კაპუჩინო უნდა დალიოთ?..
უაზროდ ვკამათობთ ერთიანობაზე. ამაზე მოქმედებაა საჭირო და მოქმედების გეშინიათ. სხვა აზრი არ არსებობს ამაზე. მე გულშემატკივრის პოზიციიდან ვამბობ და არა ჩასაფრებულის. სანამ შიში იქნება ჩვენს და ივანიშვილს შორის, შიშით ვიქნებით დამარცხებულები.
არც მე არ მინდა ციხეში, ციხე ძალიან საშიშია, მაგრამ შიში საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ, რადგან საქართველოს ბედი წყდება დღეს! ყურები გამოიჩხრიკეთ! ცოტა აზრზე მოდით! გეყოთ გამბედაობა და გამოდით, რომ ყელყელაობთ ტელევიზორში ერთიანობაო! ერთიანებით ხართ ისედაც, ყველა დღე მძიმდება სიტუაცია." - განაცხადა ხაბეიშვილმა. [IPN]
შეგახსენებთ, რომ სუს-მა ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ხაბეიშვილს ორი ბრალდება წარუდგინა - უკანონო ქმედების სანაცვლოდ ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.





