აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ თეთრი სახლი კომპანია Nvidia-ს საშუალებას მისცემს, მის წარმოებაში არსებული რიგით მეორე საუკეთესო H200 ტიპის AI ჩიპები ჩინეთში ექსპორტზე გაიტანოს, რის სანაცვლოდაც კომპანია ამ ჩიპების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების 25%-ს მთავრობას გადასცემს.
Truth Social-ზე ტრამპის პოსტის გამოქვეყნებას მარკეტის დახურვის შემდგომ საათებში ვაჭრობისას Nvidia-ს აქციის ფასების 2%-ით გაზრდა მოჰყვა, რასაც წინ უძღოდა დღიური 3%-იანი ზრდა.
ტრამპის თქმით, გადაწყვეტილების შესახებ მან ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგსაც აცნობა, რასაც ჩინეთის ლიდერი "პოზიტიურად შეხვდა." აშშ-ს პრეზიდენტის მიხედვით, ვაჭრობის დეპარტამენტი გარიგების საბოლოო დეტალებზე მუშაობს. ამასთან, მან განმარტა, რომ იგივე გარიგება AMD-ისა და Intel-ის ჩინეთში ექსპორტზეც გავრცელდება.
"ჩვენ დავიცავთ ეროვნულ უსაფრთხოებას, შევქმნით ამერიკულ სამუშაო ადგილებს და შევინარჩუნებთ AI-ს კუთხით ამერიკის ლიდერობას," აღნიშნა მან პოსტში.
ცნობისთვის, აგვისტოში Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული კომპანიები - Nvidia და AMD - აშშ-ს მთავრობისთვის ჩინეთში გაყიდული ჩიპების შემოსავლებიდან 15%-ის გადახდაზე დათანხმდნენ, გამოცემის მიხედვით, ნახევარგამტარების ექსპორტისთვის ლიცენზიების მოპოვების მიზნით ტრამპის ადმინისტრაციასთან დადებული უჩვეულო შეთანხმების ნაწილი იყო.
გამოცემა წერდა, რომ მსგავსი შეთანხმება უპრეცედენტოა. ექსპორტის კონტროლის საკითხებში ექსპერტი პირები ამბობდნენ, რომ აქამდე არცერთ ამერიკულ კომპანია არ დაუდია შეთანხმება, რომელიც საექსპორტო ლიცენზიების მოპოვების სანაცვლოდ შემოსავლების წილის მთავრობისთვის გადაცემას გულისხმობდა.
ცნობისთვის, აპრილში ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩინეთში H20 ჩიპების ექსპორტს აკრძალავდა, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა კურსი თეთრ სახლში ჰუანგთან შეხვედრის შემდეგ შეცვალა.
წყაროების ინფორმაციით, 6 აგვისტოს ტრამპთან შეხვედრისას ჰუანგმა H20 ჩიპების ჩინეთში ექსპორტის საკითხი წამოაყენა, ხოლო ორი დღის შემდეგ აშშ-ს ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ლიცენზიების გაცემა დაიწყო.
Financial Times წყაროებზე დაყრდნობით აგვისტოშივე წერდა, რომ BIS-ის მაღალჩინოსნების ნაწილმა შეშფოთება გამოხატა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიმართ.
აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის, ჰოვარდ ლატნიკისადმი მიწერილ წერილში ჩინეთის საკითხების ექსპერტმა, მეტ პოტინგერმა, რომელიც ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო, და კიდევ 19-მა ექსპერტმა აშშ-ს მოუწოდა, არ გაეცა ჩინეთში H20 ჩიპების ექსპორტზე ლიცენზიები.
მათი თქმით, H20 ჩიპი, რომელიც H200 ჩიპებზე ბევრად უფრო სუსტია, "ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის (AI) მოწინავე შესაძლებლობების ძლიერი დამაჩქარებელია" და მისი მომხმარებელი საბოლოოდ ჩინეთის არმია იქნება. Nvidia-ს მტკიცებით, მსგავსი განცხადებები მცდარია. კომპანია უარყოფს იდეას, რომ ჩინეთი H20 ჩიპების გამოყენებას სამხედრო მიზნებისთვის შეძლებს.





