ივანიშვილის განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ პარლამენტის სხდომაზე განმარტა, რომ ოცნების გადაწყვეტილებით, სტუდენტები, რომლებიც მოხვდებიან სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული კვოტირების პრინციპის მიხედვით, უფასოდ ისწავლონ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის დონეებზე.
ამის შესახებ გაბისონიამ სპორტის კომიტეტზე განაცხადა.
"უმაღლესი განათლების მიმართულებით სწავლას ვხდით სრულიად უფასოს. ეს გულისხმობს სრული დაფინანსების მოდელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. არსებული საგრანტო მოდელის ნაცვლად, მოხდება ჩანაცვლება სახელმწიფოს მიერ სრული დაფინანსების ნაწილში. ანუ სტუდენტები, რომლებიც მოხვდებიან სახელმწიფოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არსებული კვოტირების პრინციპის მიხედვით, მათ ექნებათ შესაძლებლობა სრულიად უფასოდ ისწავლონ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის დონეებზე". - თქვა გაბისონიამ.
ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 3 დეკემბერს, რუსთავი 2-ის ეთერში უნივერსიტეტების სახელმწიფო გრანტებთან დაკავშირებით ცვლილებებზე ისაუბრა.
ტაბულა დეტალების დასაზუსტებლად განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განგვიცხადეს 2026 წლიდან ყველა სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარეს, უფასოდ ისწავლის.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მოქმედ სტუდენებს არსებული გრანტები შეუნარჩუნდებათ, 2026 წლიდან კი კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.
უწყების განმარტებით, კერძო უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს შიდა გრანტები და დაფინანსების პროგრამები შეთავაზონ, თუმცა მათი პირველკურსელები სახელმწიფო გრანტს ვეღარ მიიღებენ





