კობახიძის განათლების რეფორმა

2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, კერძოებზე გრანტები აღარ გაიცემა

ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 3 დეკემბერს, რუსთავი 2-ის ეთერში უნივერსიტეტების სახელმწიფო გრანტებთან დაკავშირებით ცვლილებებზე ისაუბრა.

ტაბულა დეტალების დასაზუსტებლად განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განგვიცხადეს 2026 წლიდან ყველა სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარეს, უფასოდ ისწავლის.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მოქმედ სტუდენებს არსებული გრანტები შეუნარჩუნდებათ, 2026 წლიდან კი კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.

უწყების განმარტებით, კერძო უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს შიდა გრანტები და დაფინანსების პროგრამები შეთავაზონ, თუმცა მათი პირველკურსელები სახელმწიფო გრანტს ვეღარ მიიღებენ.

"მეორე კურსიდან და მიმდინარე რაც არის ჩვეულებრივად დარჩება იმ საგრანტო დაფინანსებაზე, ოღონდ მილევად რეჟიმში. რაც შეეხება ახლად მიღებულ სტუდენტებს, ამ მოცემულობაში უკვე რაიმე ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც, სადაც გრანტს რომ მოიპოვებოდნენ, მოხდებოდა ჩარიცხვა.

ამ შემთხვევაში, კონკურენციაც, რა თქმა უნდა, მატულობს. მოცემულობა არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ჩვენ ამ საჭიროებების მიხედვით გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც სახელფასო საკითხებთან, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან და ა.შ. ახლა გვაქვს ჩვენ შემდეგი 3-4 წელიწადი გარდამავალი პერიოდი. ნაწილობრივ ამოქმედდება შემდეგ, მაგრამ რაღაც კომპონენტები, რაც მაგალითად საგრანტო დაფინანსებას შეეხება, ამოქემდდება შემდეგი წლიდან. საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან დაკავშირებით შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაკვეთა, ეს იქნება პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და მათთან მიმართებაში იქნება შესაბამისი თანხები უნივერსიტეტებზე გადახდილი და თუკი დამატებითი საჭიროება წარმოიშვება კონკრეტულ მიმართულებებზე კერძო უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კერძოებთან მიმართებაშიც". - თქვა მიქანაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები