რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შვედეთი 5 ქვეყანას განვითარების დახმარებას შეუჩერებს და თანხით უკრაინას დაეხმარება

 TT News Agency/Claudio Breskiani 

შვედეთი ხუთი ქვეყნისთვის განკუთვნილ განვითარების დახმარებას შეაჩერებს და ამ თანხით უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ბენჟამინ დუსამ განაცხადა, რომ შვედეთი ზიმბაბვესთვის, ტანზანიისთვის, მოზამბიკისთვის, ლიბერიისთვისა და ბოლივიისთვის განკუთვნილ საგარეო განვითარების დახმარებას გააუქმებს და უკრაინის მხარდაჭერას მოახმარს.

"უკრაინა შვედეთის საგარეო პოლიტიკისა და დახმარების პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და, შესაბამისად, მთავრობა 2026 წელს უკრაინის დახმარებას, სულ მცირე, 10 მილიარდი კრონით გაზრდის. [...] ბანკნოტების საიდუმლო საბეჭდი მანქანა არ არსებობს და ფული საიდანღაც უნდა გამოიყოს". - თქვა დუსამ. 

შვედეთის მთავრობის თანახმად, დაგეგმილი ზომები შემდეგი ორი წლის განმავლობაში 2 მილიარდ კრონს გაათავისუფლებს, რომელიც შესაძლოა უკრაინას გაეგზავნოს, რათა, მაგალითად, ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდეს.

ცნობისთვის, შვედეთმა განვითარების დახმარება უკვე 10-ზე მეტ ქვეყანას შეუჩერა 2022 წლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში ახლანდელი მთავრობა მოვიდა. 

კომენტარები