ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი კვლავ დადგა, რასაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოები ადასტურებს, რომელშიც ბენზინგასამართ სადგურებთან მდგარი გრძელი რიგები ჩანს.
რადიო თავისუფლების პროექტის, Эхо Кавказа-ს ცნობით, სიტუაცია, როგორც წარსულში, კვლავ რუსეთთან არის დაკავშირებული, რომელიც მარიონეტული რეჟიმის ნავთობპროდუქტების ერთადერთი წყაროა. თავად რუსეთში კი პრობლემს უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები იწვევს.
კრიზისთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ადგილობრივმა კომპანია AZiD-მა, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს სიტუაცია "ახალი არ არის" და იმედს გამოთქვამს, რომ "მწვავე ფაზა უახლოეს დღეებში მოგვარდება". ამასთან, კომპანია მოსახლეობას ემოციების მოთოკვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ "სიტუაციის პოლიტიზირება საკითხს ვერ მოაგვარებს".
ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის წარმომადგენლები, როგორც სამთავრობო და ბიზნეს სტრუქტურები, ასევე კერძო პირები მათ "დახმარებას უწევენ საწვავის ბაზარზე არსებული პრობლემების მოგვარებაში".
მარიონეტული რეჟიმის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი Telegram არხები კი კრიზისის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საწვავის იმპორტის მონოპოლიზაციას ასახელებენ – გასულ წელს რუსეთის მთავრობამ Роснефть-ს ნავთობპროდუქტების მიწოდების ექსკლუზიური უფლება მიანიჭა.





