ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ სკოლებში სავალდებულო ფორმების ტარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქნება რამდენიმე ვარიანტი და თითოეულ სკოლას მიეცემა საშუალება თვითონ შეარჩიონ ფორმის დიზაინი.
"ჩვენ ვგეგმავთ, რომ უახლოეს დღეებში გავწეროთ ის კრიტერიუმები, რომელიც ფორმასთან იქნება დაკავშირებული, აქ ვფიქრობთ, ეროვნული სიმბოლიკის ელემენტები, შეიძლება მუნიციპალიტეტთან ან ქალაქთან დაკავშირებული სიმბოლიკის დაკავშირებაც იყოს ამ ყველაფერთან, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მსჯელობის და განხილვის საგანია და ეს არის კონკრეტული იდეები, ეს იდეები უკვე თავში გვიტრიალებს და ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია.
როდესაც ჩამოვაყალიბებთ კონკრეტულ კრიტერიუმებს, გამოვაცხადებთ კონკურსს, სადაც შევთავაზებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ წარმოადგინოს თავისი ნამუშევრები და ვაპირებთ, რომ წარმოდგენილი ნამუშევრები საყოველთაო განხილვასა და კენჭისყრაზე გავიტანოთ საზოგადოებაში და საზოგადოებამ შეარჩიოს რამდენიმე, ეს შეიძლება იყოს 3, 5 ვარიანტი, გამომდინარე იქიდან რამდენ განაცხადს მივიღებთ, რომ საზოგადოებამ კენჭი უყაროს, თუ რომელი ფორმა იქნება მათთვის უფრო მისაღები." - თქვა მიქანაძემ პირველი არხის ეთერში.
ცნობისთვის, დღეს, მიქანაძემ განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით.





