რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

თურქეთი: იერიში მიიტანეს რუსეთიდან საქართველოსკენ მიმავალ გემზე, რომელსაც ზეთი გადაჰქონდა

მიდვოლგა2 2020 წელს
Hannes van Rijn/MarineTraffic  

თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს საზღვაო საქმეთა სამმართველოს ცნობით, გემ მიდვოლგა-2-ზე, რომელიც რუსეთიდან საქართველოსკენ მიემართებოდა და მზესუმზირას ზეთი გადაჰქონდა, იერიში მიიტანეს. დაუზუსტებელია, თუ ვინ ან რა საშუალებით დაესხა ხომალდს თავს, თუმცა გასულ დღეებში უკრაინელებმა თურქეთის სანაპიროს მახლობლად იერიში მიიტანეს ორ სანქცირებულ რუსულ ტანკერზე.

უწყების ცნობით, ხომალდს დახმარება არ მოუთხოვია, არ დაშავებულა ეკიპაჟის 13 წევრიდან არცერთი და ხომალდი თურქეთის სინოპის პორტისკენ მიცურავს. როგორც საზღვაო საქმეთა სამმართველო წერს, თავდასხმა თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 150 კილომეტრის მოშორებით მოხდა.

"ტანკერმა MIDVOLGA-2-მა, როცა რუსეთიდან საქართველოსკენ მზესუმზირას ზეთით დატვირთული მიცურავდა, გვაცნობა რომ თავს დაესხნენ ჩვენი სანაპიროდან 80 [საზღვაო] მილის დაშორებით. გემს, რომლის 13 ეკიპაჟის წევრიდან არავინ დაშავებულა, დახმარება არ მოუთხოვია. ხომალდი აგრძელებს ცურვას სინოპისკენ საკუთარი ძრავების მეშვეობით." - წერია უწყების განცხადებაში.

გასული კვირის ბოლოს უკრაინამ ნავთობის გადატანისთვის სანქცირებულ ორ რუსულ ხომალდზე შავ ზღვაში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. შემთხვევა თურქეთის სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მოხდა. ამას გარდა, რუსეთთან დაკავშირებული კიდევ ერთი გემი სენეგალის სანაპიროსთან აფეთქდა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ MIDVOLGA-2 საქართველოსკენ მოემართებოდა

 

კომენტარები