პროკურატურის ცნობით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2 თანხმლებ პირთან ერთად ფიზიკური ძალადობა განახორციელა თანასოფლელზე. აღნიშნული ფაქტის შემდგომ დაშავებული პირის დასახმარებლად მისულმა ნათესავებმა ფიზიკური შეურაცხყოფს მიყენეს ადგილზე მყოფ არასრულწლოვნებს, რა დროსაც, ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთ პირს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ა, ბ, გ ქვეპუნქტებით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ,) 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია), წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გუშინ, 27 ნოემბერს TV პირველმა გაავრცელა ინფორამცია, რომ ახალქალაქის ერთ-ერთი სოფლის, დილისკას გამგებელს, ოგანნეს გაბრიელანს არასრულწლოვნისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში 15 წლის მოზარდისთვის ოჯახი ადანაშაულებს.
მოზარდის ოჯახის წევრის თქმით, გაბრიელიანმა, 5 სხვა პირთან ერთად, ბიჭის ცემის შემდეგ, პოლიციას თავად მიმართა.





