რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი ამტკიცებს, რომ კიევში აზერბაიჯანის საელჩო უკრაინის საჰაერო თავდაცვამ დააზიანა

რუსეთი ამტკიცებს, რომ კიევში აზერბაიჯანის საელჩო უკრაინის საჰაერო თავდაცვამ დააზიანა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 21 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი რუსეთში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა.

შეხვედრაზე რუსულმა მხარემ აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიის შენობის დაზიანების გამო მწუხარება გამოთქვა, თუმცა უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ დაზიანება რუსული იერიშის შედეგად მოხდა.

"მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილია, რომ კიევში აზერბაიჯანის დიპლომატიურ მისიაზე მიყენებული დაზიანება, მაღალი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების არასწორმა მუშაობამ გამოიწვია - სავარაუდოდ Patriot-ის რაკეტის ჩამოვარდნამ" - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსული მხარე იერიშების დაგეგმვისას მაქსიმალურად ცდილობს სამოქალაქო ობიექტების დაცვას.

მხარეებმა ასევე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობისა და რეგიონალური საკითხები, მათ შორის, "3+3 ფორმატის" სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფის საკითხებიც.

 

კომენტარები