რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპის თქმით, უკრაინისადმი აშშ-ს მიერ წარდგენილი სამშვიდობო წინადადება არ არის საბოლოო

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Brendan McDermid/AP

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინისადმი აშშ-ს მიერ წარდგენილი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის მხრიდან არაერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ დათმობაზე წასვლას ითვალისწინებს, არ წარმოადგენს აშშ-ს საბოლოო წინადადებას.

რეპორტიორის კითხვაზე, არის თუ არა უკრაინისთვის აშშ-ს მიერ წარდგენილი "სამშვიდობო წინადადება" საბოლოო, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ "არა".

პრეზიდენტმა ტრამპმა დაამატა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა აშშ-ს წინადადებას არ დათანხმდება, ზელენსკის ბრძოლის გაგრძელება მოუწევს. 

მანამდე, 21 ნოემბერს, თეთრ სახლში რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა თქვა რომ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების მიღება მოუწევს და დაამატა, რომ "გარკვეულ ეტაპზე მას [ზელენსკის] მოუწევს იმაზე დათანხმება, რაზეც ჯერ არ დათანხმებულა."  

Fox News-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ წარდგენილ გეგმაზე უკრაინის პასუხისთვის "შესაფერისი დრო" მომდევნო ხუთშაბათი იქნებოდა, თუმცა, მისი თქმით, კარგი პროგრესის შემთხვევაში ვადის გახანგრძლივებაც შეიძლება. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთზე სანქციების მოხსნას არ აპირებს.

21 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლლეობას სიტყვით მიმართა და აცნობა, რომ ახლა უკრაინა "ისტორიაში ურთულესი მომენტის" წინაშე დგას. " უკრაინა შესაძლოა, ძალზე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან დაკარგოს ღირსება, ან გარისკოს მთავარი პარტნიორის დაკარგვა." - დაამატა მან.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიასაც მოიცავს, რომლის ფარგლებშიც აშშ და ევროპელი მოკავშირეები უკრაინაზე თავდასხმას მთელ "ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე" თავდასხმად ჩათვლიან. 

კომენტარები