გაერთიანებული სამეფოს მემარჯვენე რეფორმების პარტიის ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჟმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის პოზიციას და კიევისთვის აშშ-ს მიერ შემუშავებული "28-პუნქტიანი" სამშვიდობო გეგმა გააკრიტიკა.
გამოცემა Telegraph-ის ცნობით, ფარაჟმა მათთან საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმებაში უკრაინისთვის წარდგენილი პირობები "მიუღებელია".
ცნობისთვის, უკრაინისადმი წარდგენილი 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც სრული სახით უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსიი გონჩარენკომ გაავრცელა, უკრაინის მხრიდან არაერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ დათმობაზე წასვლას ითვალისწინებს. თუმცა, Axios წერს, რომ გეგმა ასევე უპრეცედენტო პირობასაც მოიცავს, რომელიც ტრამპმა პირველად დააყენა განხილვის საგნად.
მანამდე, მიმდინარე წლის მარტის თვეში, ფარაჟი ასევე შეეწინააღმდეგა აშშ-ს მაშინდელ სამშვიდობო გეგმას და აცხადებდა, რომ ვლადიმირ პუტინი "ზედმეტად ბევრს იღებდა" რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებებიდან.
"საკმაოდ სწორია, რომ მშვიდობა გვქონდეს მიზნად, მაგრამ ვერ გვექნება მშვიდობა, რომელიც პუტინს გამარჯვებულად აქცევს". - ამბობდა ფარაჟი.
გასაჯაროებული სამშვიდობო გეგმის პროექტი მეტწილად რუსეთისთვისაა მომგებიანი და უკრაინის მხრიდან მრავალ დათმობას ითვალისწინებს, თუმცა გამოცემა Wall Street Journal-თან აშშ-ს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კიევისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმის პროექტი საბოლოო არაა და აშშ მხარეებთან კონსულტაციებს განაგრძობს. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პროექტის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ მშვიდობის მისაღწევად აშშ-სთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა.
მოგვიანებით, 21 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლლეობას სიტყვით მიმართა და აცნობა, რომ ახლა უკრაინა "ისტორიაში ურთულესი მომენტის" წინაშე დგას. " უკრაინა შესაძლოა, ძალზე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან დაკარგოს ღირსება, ან გარისკოს მთავარი პარტნიორის დაკარგვა." - დაამატა მან.
მანამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ X-ზე დაწერა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასამთავრებლად "სერიოზული და რეალისტური იდეების ინტენსიური მიმოცვლაა" საჭირო და დაამატა, რომ "ორივე მხრიდან რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებზე წასვლა" მდგრადი მშვიდობის წინაპირობაა.
"ჩვენ ახლაც და სამომავლოდაც გავაგრძელებთ ამ ომის დასამთავრებლად პოტენციური იდეების სიის შექმნას, რომელიც ამ კონფლიქტის ორივე მხარის ჩართულობაზე იქნება დამყარებული." - განმარტა რუბიომ.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიასაც მოიცავს, რომლის ფარგლებშიც აშშ და ევროპელი მოკავშირეები უკრაინაზე თავდასხმას მთელ "ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე" თავდასხმად ჩათვლიან.





