უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ლიდერებთან, რის შემდეგაც მათ მადლობა გადაუხადა "უკრაინისადმი პრინციპული მხარდაჭერისთვის" და აღნიშნა, რომ ომის დასამთავრებელმა გეგმამ "რეალური, ღირსეული მშვიდობა" უნდა უზრუნველყოს.
"ერთობლივი საუბარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან. მადლობა უკრაინისა და ჩვენი ხალხისადმი პრინციპული მხარდაჭერისთვის." - წერს ზელენსკი ტელეგრამზე.
მისი თქმით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა უკრაინისა და მთელი ევროპისთვის სამშვიდობო გეგმა განიხილეს:
"ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს, პრეზიდენტი ტრამპისა და მისი გუნდის ძალისხმევას ამ ომის დასამთავრებლად. ვმუშაობთ ამერიკული მხარის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე. ეს უნდა იყოს გეგმა, რომელიც რეალურ, ღირსეულ მშვიდობას უზრუნველყოფს." - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ახლო კოორდინაციაშია ევროპელ მოკავშირეებთან, რათა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული იყოს პრინციპული პოზიციები. მისი თქმით, სატელეფონო საუბრისას მხარეები კოორდინირდნენ მომდევნო ნაბიჯებზე და შეთანხმდნენ, რომ მათი გუნდები შესაბამის დონეზე მუშაობას გააგრძელებენ.
ცნობისთვის, უკრაინისადმი წარდგენილი 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც სრული სახით უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსიი გონჩარენკომ გაავრცელა, უკრაინის მხრიდან არაერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ დათმობაზე წასვლას ითვალისწინებს. თუმცა, Axios წერს, რომ გეგმა ასევე უპრეცედენტო პირობასაც მოიცავს, რომელიც ტრამპმა პირველად დააყენა განხილვის საგნად.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიასაც მოიცავს, რომლის ფარგლებშიც აშშ და ევროპელი მოკავშირეები უკრაინაზე თავდასხმას მთელ "ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე" თავდასხმად ჩათვლიან.
გასაჯაროებული სამშვიდობო გეგმის პროექტი მეტწილად რუსეთისთვისაა მომგებიანი და უკრაინის მხრიდან მრავალ დათმობას ითვალისწინებს, თუმცა გამოცემა Wall Street Journal-თან აშშ-ს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კიევისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმის პროექტი საბოლოო არაა და აშშ მხარეებთან კონსულტაციებს განაგრძობს. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პროექტის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ მშვიდობის მისაღწევად აშშ-სთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა.
მანამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ X-ზე დაწერა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასამთავრებლად "სერიოზული და რეალისტური იდეების ინტენსიური მიმოცვლაა" საჭირო და დაამატა, რომ "ორივე მხრიდან რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებზე წასვლა" მდგრადი მშვიდობის წინაპირობაა.
"ჩვენ ახლაც და სამომავლოდაც გავაგრძელებთ ამ ომის დასამთავრებლად პოტენციური იდეების სიის შექმნას, რომელიც ამ კონფლიქტის ორივე მხარის ჩართულობაზე იქნება დამყარებული." - განმარტა რუბიომ.





