ევროკავშირი-საქართველო

PACE ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრული საქმეების შეწყვეტას ითხოვს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრული საქმეების შეწყვეტას ითხოვს. განცხადებას PACE-ის წარმომადგენლები 10–12 ნოემბერს საქართველოში გამართული ვიზიტის შემდეგ აქვეყნებენ.

საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა, ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC) და საბინა ცუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) ქართულ ოცნებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებისკენ მოუწოდეს როგორც ე.წ. უცხოური აგენტების კანონმდებლობის, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის ნაწილში.

"ვიმეორებთ იმას, რაც ასამბლეამ უკვე აღნიშნა საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი", გრანტების შესახებ კანონი და მოქმედი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსი ევროკონვენციის სტანდარტებსა და ნორმებს არ შეესაბამება და, როგორც ვენეციის კომისიამ აღნიშნა, ისინი უნდა გაუქმდეს". - წერია განცხადებაში.

ამასთან, მომხსენებლები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის საქმეების გამო, რომლებსაც შესაძლოა "სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების" გამო ხანგრძლივი პატიმრობა დაეკისროთ.

"ეს ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და უნდა განვიხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლოდროინდელ სარჩელებთან დაკავშირებით. ასეთ ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ეს ქმედებები, რაც ფაქტობრივად დაამყარებს დიქტატურას საქართველოში". - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს დელეგაციას მზია ამაღლობელთან ციხეში შესვლაზე უარი ეთქვა.

კომენტარები