ის პირები, რომლებმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელეს ტაქსით მომსახურება უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან - ამის შესახებ ივანიშვილის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ წარმატებულ გადაწყვეტილებად ტაქსების რეფორმა მიიჩნევა.
"ტაქსების რეფორმა რამდენიმე ეტაპად განვახორციელეთ: შემოღებულ იქნა მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა; დადგინდა A კატეგორიის ტაქსის ფერის სტანდარტი; აიკრძალა მარჯვენასაჭიანი ავტომობილით მგზავრთა გადაყვანა; დაინერგა მობილური აპლიკაციები ტაქსით მომსახურების პროცესის გამარტივების მიზნით; აუცილებელი გახდა ტაქსის მანათობლის გამოყენება და ა.შ. ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით შეწყდა ნებართვის გაცემაც და ძალაში დარჩა მხოლოდ უკვე აღებული ნებართვები. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად უდიდესი ეკონომიკური აქტივი გაუჩნდა თითოეული ნებართვის მფლობელ პირს და მას ეს აქტივი უკვე თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია, განკარგოს“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ივანიშვილის პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბრის სტატისტიკით, საუბარია, დაახლოებით, 8 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმებზე, რაც მოიცავს დაახლოებით 26 000 საჯარიმო ქვითარს და დაახლოებით 20 000 საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებას.





