ვენესუელელმა ოპოზიციონერმა, მარია კორინა მაჩადომ სოციალურ ქსელ X-ში აუდიომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ვენესუელელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
"მოსახდენი მოხდება. გადამწყვეტი საათი გარდაუვალია. იმოქმედე ახლავე, ამ წუთას. დაუშვით იარაღი, ნუ დაესხმებით თავს საკუთარ ხალხს, მიიღეთ გადაწყვეტილება დღესვე, რომ გადამწყვეტ მომენტში მხარი დაუჭიროთ ვენესუელის თავისუფლებას.
ყველაზე ცუდ დღეში არიან ის მძევლები, რომელთაც ამ ბარბაროსობის ჩადენას აიძულებენ. ისინი, ვინც სამარცხვინო ბრძანებას ემორჩილებიან და საკუთარ ძმებს უნგრევენ ცხოვრებას. ისინი თავს დამნაშავედ გრძნობენ, თვალს ვერ უსწორებენ საკუთარ შვილებსა და დედებს.
თითოეული თქვენგანის პოზიცია თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ განსაზღვრავს. ისტორია, კანონი და ვენესუელის ხალხი თქვენი მოსამართლეები იქნებიან". – განაცხადა მაჩადომ.
მაჩადო 2014 წელს ვენესუელაში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2023 წელს მას 15 წლით აეკრძალა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. 2025 წელს ოპოზიციონერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა.
კარიბის ზღვაში აშშ-ს სამხედრო გემების განთავსების შემდეგ, ვენესუელაში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.
14 ნოემბერს პენტაგონის მეთაურმა, პიტ ჰეგსეთმა "ნარკოტერორისტების" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.





