პუტინის რუსეთი

როგორ მალავს პუტინი თავის ადგილმდებარეობას 3 იდენტური ოფისით – RFE/RL-ს გამოძიება

პუტინის რუსეთი

როგორ მალავს პუტინი თავის ადგილმდებარეობას 3 იდენტური ოფისით – RFE/RL-ს გამოძიება

რადიო თავისუფლების (RFE/RL) რუსულენოვანმა საგამოძიებო განყოფილებამ, Systema-მ დაადგინა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სამი თითქმის იდენტური სამუშაო ოფისი არსებობს, რომლებიც მისი ადგილმდებარეობის დასაფარად გამოიყენება და რომ ბოლო წლებში კრემლს პუტინის ადგილმდებარეობის შესახებ ასობით ცრუ ინფორმაცია აქვს გავრცელებული.

სამი თითქმის იდენტური ოფისი ნოვო-ოგარიოვოში - მოსკოვის გარეუბანში არსებულ მთავარ საპრეზიდენტო რეზიდენციაში - სოჭში და ვალდაიში მდებარეობს.

Systema-ს მიერ დადგენილი შემთხვევებიდან უმეტესში, რუსეთის პროპაგანდისტულ მედიაში გაშუქებული შეხვედრები, რომლებიც თითქოს ნოვო-ოგარიოვოში ტარდებოდა, რეალურად სოჭში ან ვალდაიში არსებულ რეზიდენციებში იყო ჩაწერილი.

პუტინის რეზიდენციები ნოვო-ოგარიოვოში, სოჭსა და ვალდაიში. (RFE/RL)

გამოძიება ასევე აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დროს ტარდება შეხვედრები და მოლაპარაკებები, რომლებსაც პუტინის ადმინისტრაცია საჯაროდ ავრცელებს.

აგვისტოში გამოქვეყნებულ საგამოძიებო ანგარიშში Systema აღნიშნავს, რომ, სულ მცირე, ხუთი შეხვედრა, რომლებიც კრემლის მტკიცებით აპრილში ან მაისში ჩატარდა, სინამდვილეში რამდენიმე თვით ადრე იყო ჩაწერილი. კრემლი მსგავს პრაქტიკას შემოდგომაზეც აგრძელებს - Systema-მ დაადგინა, რომ აგვისტოდან მოყოლებული, კრემლმა პრეზიდენტის შეხვედრების, სულ მცირე, შვიდი ძველი ვიდეო ახლად გადაღებულ მასალად გამოაქვეყნა.

სხვა მეთოდებთან ერთად, Systema-მ პუტინის სამი თითქმის იდენტური ოფისის შესახებ დასკვნები კრემლის ვებგვერდზე განთავსებული სურათებისა და დაახლოებით 700 ვიდეოს დეტალური შესწავლით გამოიტანა - მასალების, რომლებიც პუტინის ადმინისტრაციის ან სამთავრობო ტელევიზიების მიერაა გამოქვეყნებული.

ჟურნალისტებმა ასევე საფუძვლიანად გადაამოწმეს დიდი რაოდენობით მასალა, მათ შორის, სოციალური ქსელების პოსტები და გაჟონილი სამოგზაურო ჩანაწერები, რომლებიც პუტინის გარემოცვის პერიფერიაზე მყოფი პირების, მაგალითად, უსაფრთხოების თანამშრომლებისა და სამთავრობო ტელევიზიის ჟურნალისტების მგზავრობის გეგმებსა და სამოგზაურო ისტორიას ასახავდა.

RFE/RL-ს გამოძიების მიგნებების სადემონსტრაციოდ 2020 წლის ოქტომბერს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული კადრები მოაქვს, რომელიც პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით ნოვო-ოგარიოვოს საპრეზიდენტო რეზიდენციის ოფისში იყო გადაღებული. 

გამომძიებელი ჟურნალისტები კარის სახელურს დააკვირდნენ, რომელიც ოდნავ დაბლაა განთავსებული იმ ვერცხლისფერ დეკორაციულ დეტალთან მიმართებით, რომელიც კედლის პანელებს ყოფს - ეს დეტალი აშკარად ჩანს ოთახის ვიდეოსა და ფოტოებში, მათ შორის იმ კომპანიის სურათებში, რომელმაც ნოვო-ოგარიოვოს ოფისში პარკეტი დააგო.

თუმცა, აღნიშნულ კადრებში სახელური ოდნავ უფრო მაღლაა მოთავსებული ვერცხლისფერ დეკორაციულ დეტალთან შედარებით - სხვაობა მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის, მაგრამ მაინც აშკარაა. Systema ამ დეტალის გათვალისწინებით ასკვნის, რომ ეს ინტერვიუ არა ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში, არამედ სოჭშია ჩაწერილი.

სამივე ოფისში კარების სახელურის მდებარეობა კედლის   ვერცხლისფერ დეტალთან მიმართებაში განსხვავდება (RFE/RL)

გამოძიების მიხედვით, კრემლის მიერ გაცხადებულ და რეალურ ლოკაციებს შორის სხვაობას კიდევ რამდენიმე დეტალი ამხელს - პუტინის ჰალსტუხის დიზაინი, ტელევიზორის სტენდის ფორმა, მაგიდის ზედაპირის ფერი და მაგიდაზე მდებარე ხის დოკუმენტების უჯრის ტექსტურა.

Systema-მ პუტინის ადგილმდებარეობა ვიდეომასალები სამოგზაურო დოკუმენტების შედარებითაც გადაამოწმა. მაგალითად, 2020 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელიც კრემლის მტკიცებით ნოვო-ოგარიოვოში ჩატარდა, სინამდვილეში სოჭში იყო გადაღებული.

მოგზაურობის ელექტრონული ბილეთი, რომელიც კრემლთან დაკავშირებულმა ტურისტულმა სააგენტომ შეიძინა და Systema-მ მოიპოვა, მიუთითებს, რომ ინტერვიუს ავტორი, სერგეი ბრილიოვი, იმ დროს სოჭისკენ გაფრინდა. ამ მიგნებას კადრებში გამოჩენილი ოფისის განსხვავებული ინტერიერიც ადასტურებს.

კარის სახელურის გარდა, სხვა განსხვავებებიც არსებობს ნოვო-ოგარიოვოს ოფისსა და სოჭში არსებულ ოფისს შორის: მაგალითად, პუტინის ზურგს უკან კედელზე არსებული ნაკერის მდებარეობა და ტელევიზორის სტენდის ფეხების ფორმა.

განსხვავებები ინტერიერის დეტალებში ნოვო-ოგარიოვოს, სოჭსა და ვალდაის რეზიდენციებში (RFE/RL)

გარდა ამისა, 2020 წლის სექტემბერში გადაღებული ვიდეო, რომელიც თითქოს ნოვო-ოგარიოვოში იყო ჩაწერილი, სინამდვილეში სოჭშია გადაღებული. ეს ელექტრონული წერილით დასტურდება, რომელშიც სამთავრობო ტელევიზიის პროდიუსერი კოლეგას სოჭში ცნობილი ჟურნალისტისთვის, პაველ ზარუბინისა და მისი გადამღები ჯგუფისთვის მოგზაურობის მოწყობას სთხოვდა.

ზარუბინი სამთავრობო Россия 1-ზე პუტინზე ფოკუსირებული გადაცემის თანაავტორია და Systema-ს გამოძიების მიხედვით, ბოლო წლებში სოჭში ხშირად ჩასულა, ხოლო იქ გადაღებული მასალა კრემლს ნოვო-ოგარიოვოდ ჰქონდა წარმოჩენილი.

კომენტარები