საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აღმოაჩინეს ჩატაევის დაჯგუფების იარაღის სამალავი, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
"ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ 2017 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯგუფების კუთვნილი საბრძოლო მასალის ნაწილი, მათი განეიტრალების შემდეგ, წლების განმავლობაში, ინახებოდა წყაროს მიერ მითითებულ ადგილას, რის შემდეგაც კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში მოწყობილ სამალავში აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 161 ცალი ვაზნა, 3 ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის - ტროტილი. ასევე პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები". - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 331-ე პრიმა, 344-ე, 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
The Daily Mail-ის ბრიტანული გამოცემის ცნობით, "ცალხელა ახმედი“ ამტკიცებდა, რომ მას მკლავი ციხეში ყოფნის დროს მოაჭრეს, თუმცა სხვა წყაროები, რუსეთის მთავრობაზე დაყრდნობით, წერდნენ, რომ ჩატაევმა მკლავი ჩეჩნეთის მეორე ომში დაკარგა. 2003 წელს ჩატაევმა რუსეთი დატოვა და ავსტრიაში გადავიდა, სადაც თავშესაფარი მიიღო. მალევე მან ავსტრიის მოქალაქეობაც მიიღო, რაც ჩატაევს ევროპის მასშტაბით ნებისმიერ ქვეყანაში გადაადგილების საშუალებას აძლევდა.
2008 წელს ჩატაევი შვედეთში 1 წლით დააკავეს. მიზეზად კი, პოლიციელების მიერ მის მანქანაში კალაშნიკოვის შაშხანებისა და ასაფეთქებელი ნივთერებების აღმოაჩენა სახელდება. ამ ინფორმაციას The Daily Mail აქვეყნებდა. სხვა სააგენტოები კი, რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერდნენ, რომ გათავისუფლების შემდეგ, ჩატაევი უკრაინაში წავიდა, სადაც 2010 წელს ისევ დააკავეს. ამჯერად მიზეზი მის მობილურში აღმოჩენილი ფაილები იყო, რომლებიც შეიცავდა ასაფეთქებელი ტექნიკის გამოყენების მეთოდებსა და გარდაცვლილი ადამიანების სისხლიან ფოტოებს. თუმცა, ევროპის ადამიანთა უფლების სასამართლომ საერთაშორისო ამნისტიასთან ერთად მისი რუსეთისთვის გადაცემა გააპროტესტა.
საერთაშორისო ამნისტია წერდა, რომ ჩატაევი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და მისთვის რუსეთში დაბრუნება, შესაძლოა, წამების რისკებთან იყოს დაკავშირებული. NSNBC International კი, აღნიშნავდა, რომ უკრაინა არ აპირებდა ჩატაევის რუსეთისთვის გადაცემას. მათივე ინფორმაციით, რუსეთისთვის გადაცემა ჩატაევმა 2011 წელსაც აიცილა თავიდან. 2011 წელს ჩატაევი ბულგარეთი-თურქეთის საზღვარზე დააკავეს, თუმცა მან დაკავება გაასაჩივრა და სასამართლომ ის ჟენევის ლტოლვილთა კონვენციის საფუძველზე გაათავისუფლა.
2012 წელს ახმედ ჩატაევი ლაფანყურში დააკავეს. მან სპეცოპერაციის დროს დაზიანებები მიიღო, რის გამოც, ჰოსპიტალში მარცხენა ფეხი მოკვეთეს.
გათავისუფლების და საქართველოს დატოვების შემდეგ, ახმედ ჩატაევი ISIS-ის მებრძოლებს შეუერთდა. ის, 2015 წლის აგვისტოში აშშ-მა გლობალური ტერორისტების სიაში შეიყვანა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩატაევი ISIS-ის მებრძოლებს წვრთნიდა. იგი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ქვედანაყოფის ხელმძღვანელობდა. კერძოდ, რუსულენოვან „იარმუკის ბატალიონს.“ ამ შენაერთში ჩრდილო-კავკასიელი მოხალისეები იბრძვიან, ძირითადად, ჩეჩნები, თუმცა მათ შორის არიან დაღესტნიდან და საქართველოდან წასული ახალგაზრდებიც. პანკისიდან ISIS-ის სასარგებლოდ სირიასა და ერაყში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე წავიდა, მათგან 30-მდე - დაიღუპა.
2017 წლის 21-22 ნოემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში ახმედ ჩატაევის ჯგუფის წიანაღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა. სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, ორი პირი სპეცრაზმელებმა მოკლეს, ხოლო ჩატაევმა თავი აიფეთქა. ამ ოპერაციის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი.
სუს-ის განცხადებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში.





