საკადრო ცვლილება შსს-ში

გეკა გელაძის მოადგილის პოსტზე სანქცირებული გიორგი ბუთხუზი, გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა

გიორგი სახოკია (მარცხნივ) და გიორგი ბუთხუზი (მარჯვნივ)

ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის მოადგილედ, გიორგი სახოკია დაინიშნა. 

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს გიორგი სახოკია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ". - წერია კობახიძის 10 ნოემბრის ბრძანებაში. 

იმავე დღეს გამოცემული ბრძანებით, კობახიძემ გეკა გელაძის მოადგილის პოსტიდან გიორგი ბუთხუზი გაათავისუფლა. 

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კაწონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს გიორგი ბუთხუზი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან". - წერია კობახიძის ასევე 10 ნოემბრის ბრძანებაში. 

ცნობისთვის, გიორგი ბუთხუზი სანქცირებულია ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ.

ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კობახიძის წარდგინებით, 30 იანვარს გიორგი ბუთხუზი რეჟიმის სხვა ძალოვნებთან ერთად, ღირსების ორდენით დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა თანამდებობებიდან გაათავისულფეს. 

გელაძის ახალი მოაგდილის, გიორგი სახოკიას ბიოგრაფია შსს-ს ვებგვერდზეა გამოქვეყენბული:

განათლება და კვალიფიკაცია

2000-2005 წლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნე, მაგისტრი

სამუშაო გამოცდილება

2025 წლის 10 ნოემბრიდან - დღემდე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

2025 წელი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი

2025 წელი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „თავდაცვის მოხალისის“ დირექტორი

2021-2025 წლებში - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, დირექტორის მრჩეველი

2021 წელი - სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში

2020-2021 წლებში - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

2019-2020 წლებში - საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი

2018-2019 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი

2015-2018 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი

2015 წელი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე

2014-2015 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე

2013-2014 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი

2007-2012 წლებში - სს სილქნეტი სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე

2001-2007 წლებში - შპს Land Software Design-ის იურისტი

კომენტარები